ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ დღეს, რექტორის არჩევნების მიმდინარეობისას, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, აკადემიური საბჭოსთვის თავისი ხედვების გაცნობა ვერ შეძლო, რადგან Zoom-ში გასაუბრების დროს მისი ხმა არ ისმოდა.
“კანდიდატურას ვხსნი — ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი. მე ბოიკოტს ვუცხადებ მთლიანად ამ პროცესს, როგორც პოლიტიკურ პროცესს. უნივერსიტეტში დიდი ხანია მიდის აკადემიური თანამდებობებით ვაჭრობა”, – განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს.
თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ნატა ასათიანი მედიასთან ამბობს, რომ ადმინისტრაციამ ბარამიძეს უნივერსიტეტში მისვლა და სპეციალური სივრცის მოწყობა შესთავაზა, რათა აკადემიურ საბჭოსთან გასაუბრება შეძლებოდა. თუმცა, მისი თქმით, ბარამიძემ ადმინისტრაციის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა კანდიდატს თანაბარი პირობები ჰქონოდა. ერთ-ერთმა კანდიდატმა, სამწუხაროდ, Zoom-ის გამოყენებისას ვერ ჩართო მიკროფონი. დასანანია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში აკადემიური ცხოვრება Zoom-ის საშუალებით მიმდინარეობდა, მან ეს არჩევნების დღეს რატომღაც ვერ მოახერხა”, – განაცხადა ასათიანმა.
თსუ-ს რექტორობის არჩევნები დღეს, 4 აგვისტოს იმართება. რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით უნდა შემდგარიყო. თავდაპირველად არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა. ამ დროისთვის რექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე და ცირა ბარამიძე აგრძელებენ. აღნიშნულ თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს.