ახალი ამბები

ღვამიჩავას თქმით, მოსამართლე შენგელიასთან “საერთო წინაპარი” ჰყავს

4 აგვისტო, 2020 • 1624
ღვამიჩავას თქმით, მოსამართლე შენგელიასთან “საერთო წინაპარი” ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა ადასტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრ ირაკლი შენგელიასთან “საერთო წინაპარი” ჰყავს.

შენგელიასა და ღვამიჩავას ნათესაურ კავშირზე და ინტერესთა კონფლიქტზე მანამდე კითხვები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დასვა.

“ბატონ ირაკლი შენგელიას და მე გვყავდა საერთო წინაპარი. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ამ პროცესებთან ბატონ ირაკლის არანაირი შეხება არ ჰქონია. კონკურსის პერიდში არანაირი კომუნიკაცია არ მქონია ირაკლი შენგელიასთან. ჩვენ არ გვაქვს ახლო ნათესაური კავშირი. შორიდან ვიცი, ახლოს არ ვიცნობ. მე არ ვიცნობ მისი ოჯახის წევრებს, არასდროს მქონია შეხება თუნდაც მის მეუღლესთან, შვილებთან. ვადასტურებ იმას, რომ დიდი ბებიის მხრიდან გვყავდა საერთო წინაპარი. უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა თამარ ღვამაჩავამ.

ღვამიჩავას თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შემდეგ ისმენს უსაფუძვლო ბრალდებებს და დისკრიმინაციულ განცხადებებს მის მიმართ, რაც მოულოდნელი იყო.

“მე ნაზი ჯანეზაშვილს არც შევხვედრივარ მანამდე და ცოტა გაკვირვება გამოიწვია ამ ფაქტმა ჩემში”, – განაცხადა თამარ ღვამიჩავამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევას, როდესაც საზოგადოებისთვის კანდიდატების ვინაობაც უცნობი იყო, ღვამიჩავა მიიჩნევს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა. ღვამიჩავას კანდიდატურა თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ წარადგინა. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მანამდე არ იცნობდა.

ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, პრეზიდენტმა თამარ ღვამიჩავას დანიშვნით გააძლიერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კლანი.

“ჩემი ღრმა რწმენით, ვინაიდან ღვამიჩავას ექნება მეათე გადამწყვეტი ხმა იუსტიციის საბჭოში და ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ. რეალურად, ის სასამართლო სისტემას არ იცნობს და არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ამ თანამდებობაზე დანიშნულია ერთადერთი ნიშნით, რომ არის მიხეილ ჩინჩალაძის მარჯვენა ხელის, ირაკლი შენგელიას ნათესავი”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა დოლიძემ საბჭო დატოვა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავა წარადგინა. კონკურსში 14 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მათი ვინაობა საჯარო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი