ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადება ვაშაძეზე პუტინისტური რუსეთის კლიმატია – ბოკერია

3 აგვისტო, 2020 • 1485
სააკაშვილის განცხადება ვაშაძეზე პუტინისტური რუსეთის კლიმატია – ბოკერია

“პუტინისტური რუსეთის კლიმატს”  უწოდებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას  გიორგი ვაშაძის ოპოზიციური კოალიციიდან გასვლასთან დაკავშირებით.

2 აგვისტოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციური კოალიციიდან გიორგი ვაშაძის გასვლას უწოდა.  “ბნელ მხარეს გადასვლა“.

​როგორც ბოკერია ამბობს, სააკაშვილის ეს განცხადება “არანორმალურია”.

“მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა  არა იმიტომ, რომ მე ვაშაძის ადვოკატი ვარ, ისიც ჩვენი კონკურენტია,  როგორც პარტია, მაგრამ თავისთავად, თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის, ეს არანორმალურია”, — განაცხადა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის ნიუსრუმში” 3 აგვისტოს.


მიხეილ სააკაშვილმა  2 აგვისტოს “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ოპოზიციის კოალიაციის “ძალა ერთობაშია” დატოვებითა და თაკო ჩარკვიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებით “ბნელ მხარს გადავიდა”.

“მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და ყოველთვის მინდა ადამიანებს შანსი მივცე. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად.

მე არავითარი პირადი წყენები არ მაქვს. ახლა რაც ხდება, ივანიშვილის თამაშია როგორმე დაგვშალოს, არ ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს”, – თქვა მან.

გიორგი ვაშაძემ 20 ივლისს თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა.   ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე პლატფორმა აერთიანებს 3 სუბიექტს: “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი