ახალი ამბები

“სტრატეგია აღმაშენებელის” 5 მთავარი დაპირება და ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

30 ივლისი, 2020 • 3735
“სტრატეგია აღმაშენებელის” 5 მთავარი დაპირება და ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

პოლიტიკურმა პლატფორმამ “სტრატეგია აღმაშენებელი” საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. პრეზენტაციისას ვაშაძემ საზოგადოებას პლატფორმის 5 მთავარი დაპირება გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი გეგმაზომიერად შესრულების პირობა დადო. დღესვე წარადგინეს პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე სახეც.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების [დახმარებით] საქართველოს განვითარების გეგმა”, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა. მისი თქმით, გეგმას “აქვს ამბიცია, საქართველო აქციოს რეგიონის ლიდერ ქვეყნად”.

პლატფორმის ლიდერის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნება “არა კაბინეტში, არამედ იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს”.

5 მთავარი დაპირება, რომელთა შესრულების პირობასაც ვაშაძე დებს საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, ასეთია:

  1. 4 წელიწადში შეიქმნება 300 000-მდე სამუშაო ადგილი. მათ შორის, 95 000 9 ახალ ინდუსტრიულ ცენტრში, 9 000 – აგროსექტორში, 21 000 კი – მცირე სასტუმროებში;
  2. 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე განახევრდება პროცენტი. ბიზნესი დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს.
  3. 2021 წლიდან საქართველოში წამლები 30%-ით გაიაფდება და აღარ იქნება “მონოპოლისტური სამედიცინო კომპანიები”.
  4. 2020 წლიდან ყველა პენსიონერს 36-დან 40%-მდე სესხის პროცენტი სრულად ჩამოეწერება.
  5. 2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა ბიზნესს, რომლის ბრუნვაც 1 მილიონ ლარზე ნაკლებია, მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლებს.

ვაშაძის მიერ გახმიანებული კიდევ ერთი დაპირება გულისხმობს სამართლიან სასამართლოსა და  პოლიციისა და პროკურატურის “ზეწოლისაგან გათავისუფლებას”.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდნენ უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია, ჯანდაცვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე და სხვები.

გიორგი ვაშაძემ თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის  “სტრატეგია აღმაშენებელი” დაფუძნების შესახებ თავდაპირველად 27 ივლისს განაცხადა. ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე პლატფორმა აერთიანებს 3 სუბიექტს: “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები.

“ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა” ,- ამბობდა მაშინ გიორგი ვაშაძე.

მანამდე, ვაშაძისა და ჩარკვიანის პარტიები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და სხვა რამდენიმე სუბიექტთან ერთად კოალიციის “ძალა ერთობაშია” წევრები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი