ახალი ამბები

ახლა ტალახის სროლის დრო არ არის – ვაშაძე სააკაშვილს

3 აგვისტო, 2020 • 1581
ახლა ტალახის სროლის დრო არ არის – ვაშაძე სააკაშვილს

“თავი შევიკავოთ ერთმანეთზე ტალახის სროლისგან და დავაყენოთ პარტიულ ინტერესზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები”, – ასე პასუხობს პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

სააკაშვილმა ოპოზიციური კოალიციიდან ვაშაძის გასვლა “ბნელ მხარეს გადასვლად” შეაფასა. ვაშაძემ სააკაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ოპოზიციამ წარსულით ბრძოლის ნაცვლად მომავალსა და ერთიანობაზე უნდა იფიქროს.

“მინდა, მივმართო მიშას და პირდაპირ ვუთხრა: ვფიქრობ, ახლა არ არის ის დრო, როცა ჩვენ უბრალოდ ტალახი უნდა ვესროლოთ ერთმანეთს. გაცილებით დიდი ამოცანა გვაქვს წინ. 30 ოქტომბერს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობა ქვეყანაში”, – აღნიშნა მან.

ვაშაძემ თავისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “გამარჯვებისა და სწრაფი ცვლილებებისთვის” საჭიროა არა ერთპიროვნული და ერთპარტიული სისტემა, არამედ თანამშრომლობა.

“თუ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში არის ავტოკრატია, ამას ვერ დაამარცხებს ერთპიროვნულობა და ერთპარტიულობა. ამას სჭირდება ფართო საზოგადოებრივი თანამშრომლობა.

…თავი შევიკავოთ ერთმანეთზე ტალახის სროლისგან და დავაყენოთ პარტიულ ინტერესზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები”, – თქვა მან.

ამავე ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აქვს ამბიცია, რომ სამთავრობო კოალიციაში თავის გარშემო შემოიკრიბოს სხვა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ენმ და “ევროპული საქართველო”. კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ეს ორი პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ვაშაძემ უპასუხა, რომ ასე ფიქრობს.


მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე  ოპოზიციის კოალიაციის “ძალა ერთობაშია” დატოვებითა და თაკო ჩარკვიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებით “ბნელ მხარს გადავიდა”.

“მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და ყოველთვის მინდა ადამიანებს შანსი მივცე. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად.

მე არავითარი პირადი წყენები არ მაქვს. ახლა რაც ხდება, ივანიშვილის თამაშია როგორმე დაგვშალოს, არ ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს” – თქვა მან.

გიორგი ვაშაძემ თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის  “სტრატეგია აღმაშენებელი” დაფუძნების შესახებ 27 ივლისს განაცხადა, 20 ივლისს კი პლატფორმის პრეზენტაცია შედგა. ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე პლატფორმა აერთიანებს 3 სუბიექტს: “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები.

“ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონერებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა” ,- აღნიშნა ვაშაძემ.

“სტრატეგია აღმაშენებელის” 5 მთავარი დაპირება და ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

მასალების გადაბეჭდვის წესი