ნეტგაზეთი | ივანიშვილი ოლიგარქი არ არის — ტიკარაძე ივანიშვილი ოლიგარქი არ არის — ტიკარაძე – Netgazeti
RU | GE  

ივანიშვილი ოლიგარქი არ არის — ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ოლიგარქი არ არის“. ამის შესახებ მან 30 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დაამატა, რომ ექსპრემიერი ქვეყანაში „დემოკრატიის განვითარების გარანტია“.

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილს და ასევე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი ნამდვილად არ არის. პირიქით, ის არის საქართველოში გარანტი დემოკრატიის განვითარების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა ერთობლივად შეძლებს და საქართველოში გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომლებიც 8 წელია მიმდინარეობს“, — განაცხადა მან.

ამასთან ერთად, ტიკარაძემ თქვა, რომ კონგრესმენების წერილში მაიკ პომპეოსთვის ივანიშვილი არ არის მოხსენიებული, როგორც ოლიგარქი [ეს ასე არ არის — ივანიშვილს წერილში „რუს ოლიგარქს“ უწოდებენ].

„რაც მე ვიცნობ ამ წერილს, მსგავსი შინაარსი მასში არ ამომიკითხავს. ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული არ არის“, — აღნიშნა მინისტრმა.


კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს 27 ივლისს გაუგზავნეს. წერილში ისინი ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მაიკ პომპეოს სწერენ, რომ ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ მომავალში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი — პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.

დეტალურად ამ თემაზე იხილეთ:

რუს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ საქართველოში რეგრესია – კონგრესმენების წერილი პომპეოს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com