ნეტგაზეთი | ახალგორის ქართული სკოლის დათხოვნილი დირექტორი ცხინვალის სასამართლომ აღადგინა ახალგორის ქართული სკოლის დათხოვნილი დირექტორი ცხინვალის სასამართლომ აღადგინა – Netgazeti

ახალგორის ქართული სკოლის დათხოვნილი დირექტორი ცხინვალის სასამართლომ აღადგინა

ახალგორის ქართული სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაითხოვეს, ცხინვალის სასამართლოს და მოსამართლე ფატიმა პარასტაევას გადაწყვეტილებით, სამსახურში აღადგინეს. ინფორმაციას ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, განათლების ადგილობრივ განყოფილებას ნინო ამირანაშვილისთვის გაცდენილი საათების ანაზღაურებისა და მორალური ზიანისთვის 10 ათასი რუბლის [დაახლოებით, 140 აშშ დოლარი] გადახდა დააკისრეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ახალგორის განათლების განყოფილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. გასაჩივრებისთვის მას 10- დღიანი ვადა აქვს.

ნინო ამირანაშვილი რამდენიმე თვის წინ იმ მოტივით დაითხოვეს სკოლის დირექტორის თანამდებობიდან, რომ მან არ გარიცხა ის რამდენიმე უფროსკლასელი მოსწვლე, რომლებიც თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, წევროვნის დევნილთა დასახლებიდან ახალგორში გადავიდნენ სასწავლებლად. ამირანაშვილმა საკუთარი დათხოვნის ფაქტი ახალგორის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო პროცესი კი ცხინვალში გაიმართა.

ნინო ამირანაშვილი; ფოტო: osinform.org

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი