ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე მკვლელობის ეპიზოდს ცალკე გამოიძიებენ

28 ივლისი, 2020 • 833
შაქარაშვილის საქმეზე მკვლელობის ეპიზოდს ცალკე გამოიძიებენ

საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე 11 პირზე საქმის ცალკე წარმოება დაიწყო. საქმეს ცალკე გამოეყო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ცალკე წარმოებად სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიმართ დაიწყება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან. ასევე, აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში იძიებს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეს, რომლის ფარგლებშიც ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ასევე გრძელდება მოწმეთა უწყვეტი გამოკითხვები და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის დევნა პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ მიმდინარეობს, რომელთაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. გარდა ამისა, საქმეში ფიგურირებს 6 არასრულწლოვანი, რომელთა საქმეების არსებითი განხილვა უკვე დაწყებულია სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი