ახალი ამბები

გამაფრთხილებელი თუ მეგობრული ზარი – ოპოზიციის და “ოცნების” შეფასებები პომპეოზე

28 ივლისი, 2020 • 1819
გამაფრთხილებელი თუ მეგობრული ზარი – ოპოზიციის და “ოცნების” შეფასებები პომპეოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრის შინაარსს განსხვავებულად აფასებენ თბილისში. “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს კომუნიკაცია აშშ-ის მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი დადასტურებაა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფებას წინასაარჩევნოდ მკაცრი გაფრთხილება მისცა.

რაზე ისაუბრეს პომპეომ და გახარიამ

27 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პომპეომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება და გააფრთხილა საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აღნიშნული სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც, თუმცა სასამართლო სისტემაზე საუბრის შესახებ მასში აღნიშნული არ ყოფილა.

გახარიას გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  კოვიდ-19-ის გამოწვევებსა და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. განცხადების მიხედვით, საუბრისას გახარიამ ხაზი გაუსვა პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი.

ამასთან, გახარიასა და პომპეოს შორის საუბარი შედგა ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც. როგორც გახარიას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პრემიერმა პომპეოს, კოვიდ-19-ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდის თანახმად კი, პომპეომ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქარველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და განმარტა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების მიხედვით უნდა იმოქმედოს და შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე”, – დაწერა მაიკ პომპეომ Twitter-ში.

ხელისუფლების შეფასება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ- მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი “კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა  გვაკავშირებს, რომელიც  ღრმავდება ყოველდღიურად, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით”.

ზალკალიანის თქმით, საუბრისას ყურადღება დაეთმო “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.

“არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც წარმატებით ჩავატარებთ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, გახარიამ და პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს საუბარი ადასტურებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

არჩევნებთან დაკავშირებით ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყველა მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უმთავრესი პრიორიტეტია.

“აღნიშნული სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტიორობა მაღალ დონეზეა. როგორც ორი მეგობარი ქვეყანა, ყოველთვის იხილავს ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ასე მოხდა ახლაც. არსებობს აბსოლუტური დამთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ეს ის რეალიზებული აუცილებლობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ამ ქვეყანაში. რვა წლის წინ შეუძლებელი იყო ვინმეს ეფიქრა, რომ საარჩევნო სია სანდო იყო. დღეს ეს სია სანდოა. შეუძლებელი იყო წარმოდგენა, რომ რომელიღაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდებოდა, ჩვენ ამ წლების განმავლობაში მრავლად გვქონდა მეორე ტურები, სადაც ამომრჩეველი თვითონ წყვეტს, ვინ იყოს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში. ასე იქნება ახლაც და სწორედ ამის შესახებ შედგა საუბარი, რომ საქართველო განუხრელად მიჰყვება თავისუფალი და გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების გზას“, – განაცხადა, თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საუბრის შინაარს სათავისოდ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს ინტერპრეტაციას.

“მხოლოდ გუშინდელი საუბრის ფონზეც კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები, თითქოს აშშ თავს ანებებს საქართველოს და პარტნიორობაში ჩნდება რაიმე ტიპის ხინჯი. დასანანია, რომ ოპოზიცია, როგორც ეს ხდებოდა ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის დროს, დღესაც აგრძელებს ბრძოლას საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს მხარდაჭერა, ქართველმა ხალხმა არ მიიღოს ფინანსური დახმარება და როგორმე საქართველო ვინმემ სადმე გააკრიტიკოს. ეს არის არა „ქართული ოცნების“ მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც არავითარი წარმატების შანსი არ გააჩნია და ამას მოწმობს გუშინდელი მეგობრული, პარტნიორული და მომავალზე ორიენტირებული სატელეფონო კონტაქტი”, – განაცხადა წულუკიანმა.

ოპოზიციის შეფასებები

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის აზრით, გახარიასა და პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თემა არჩევნები იყო და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდანაც იკვეთება.

“ყველანაირი კითხვის ნიშნები მოხსნილია, რომ [საუბრის] მთავარი თემა იყო არჩევნები. სახელმწიფო მდივანმა, როგორც ჩანს, პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ელოდება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე. ეს არის ძალიან კარგი გზავნილი მთელი ქართული საზოგადოებისთვის და ასევე, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ აშშ არ მოითმენს გაყალბებულ არჩევნებს ან ძალადობას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენების თაობაზე “გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა”.

“ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს – სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მისგან მოითხოვა ამერიკის კონგრესმა, როდესაც ფინანსური სანქცია დააწესა საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე და დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა, “ქართული ოცნება” გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების აქტის” ერთ-ერთი დებულების თანახმად, საქართველომ შეიძლება ვერ მიიღოს აშშ-ის დახმარების 15%, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეატყობინებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს კონკრეტული მიმართულებებით დემოკრატიის განვითარების კუთხით.

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც.

“კარგი ამბავი ისაა, რომ ამერიკა რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად და პომპეოს განცხადებაც  ამას ნიშნავს. ცუდი ამბავი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან  იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო – დამოუკიდებელი და პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება, იგი უნდა დაუტოვოს ხალხს, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში. ეს იყო ამ საუბრის პოლიტიკური დატვირთვა და მიზეზი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა”, – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

“2012 წელს ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ. ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ, ეს იყო ვიზიტი და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით, რადგან საქართველოს პერსპექტივა აღარ აქვს და უპერსპეტივო ქვეყანა პარტნიორებს არ უნდათ. ასე რომ, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს წამყვან ლიდერებს ამ ქვეყანაში ცვლილებები უნდათ”, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, ის ფაქტი, რომ აშშ-ში ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებაზე, მიანიშნებს, რომ შესაძლოა, არსებული წინასაარჩევნო გარემო მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს.

“ხელისუფლების მხრიდან ძალიან ინტენსიური მუშაობა სჭირდება იმას, რომ არჩევნები, ერთი მხრივ, იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ამან მიიღოს ძალიან მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. დიპლომატიაში გაფრთხილებები და მუქარები არ არის, უბრალოდ, არის საკითხები, რაზეც პარტნიორები მიანიშნებენ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გახარიასა და პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.

რა უთხრა პომპეომ გახარიას სასამართლოს საკითხზე

მასალების გადაბეჭდვის წესი