ახალი ამბები

გახარიასთან თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე – პომპეო

27 ივლისი, 2020 • 1816
გახარიასთან თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე – პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მას და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. ამის შესახებ პომპეომ საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

“დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე”, – დაწერა პომპეომ.

აღნიშნული სატელეფონო ზარის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პომპეომ კონსტიტუციური ცვლილებები შეაფასა და ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც გიორგი გახარიას ოფიციალური ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქარველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე კოვიდ-19-ის გამოწვევებსა და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრეს: “სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს”. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, საუბრისას გახარიამ ხაზი გაუსვა პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრემიერის ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ბოლოს აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ასევე საპარლამეტნო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებსაც შეეხო:

“სატელეფონო საუბრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი