ნეტგაზეთი | რას ამბობს ახვლედიანი ჩვენებებში | შაქარაშვილის საქმე რას ამბობს ახვლედიანი ჩვენებებში | შაქარაშვილის საქმე – Netgazeti
RU | GE  

რას ამბობს ახვლედიანი ჩვენებებში | შაქარაშვილის საქმე

ვახტანგ ახვლედიანი ერთ-ერთია იმ 5 ადამიანიდან, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად, მცხეთიდან თბილისისკენ ფეხით წამოვიდა. საქმის სხვადასხვა მოწმის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც არაგვის ხიდთან ახალგაზრდებს “ტოიოტა ქემრის” მარკის ავტომობილი წამოეწია და გაქცევა მოუხდათ, ახვლედიანი გიორგი შაქარაშვილთან ყველაზე ახლოს გადაადგილდებოდა, რაც მისი ჩვენებებითაც დასტურდება.

ვახტანგ ახვლედიანის I ჩვენება “ქემრის” ეპიზოდი

გამოძიებისთვის მიცემულ I ჩვენებაში ახვლედიანი ადასტურებს, რომ შქარაშვილი მის წინ გარბოდა. მოწმე აღნიშნავს, რომ არაგვის ხიდზე გზა ახალგაზრდებმა ერთად გადაკვეთეს და საავტომობილო გზის მეორე მხარეს გადავიდნენ. თავად კი, ხიდის გადაკვეთის შემდეგ ქვევით ჩაუხვია და ბუჩქებში ჩაიმალა:

“ხიდზე როგორც კი გადავედით,  ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგანაც ვიყავი შეშინებული. აშკარად იყო სხვა ავტომანქანა. ავტომანქანა გაჩერდა ჩვენთან და, როგრც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ, გაჩერდით, სად გარბიხართო და თან გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს  და გავრბოდით. მე ხიდზე, როგორც კი გადავედით, იქვე ჩავუხვიე დაბლა და, როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები, თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგანაც იყო ღამე”, – წერია ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში ახვლედიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თავად ბუჩქებისკენ გადაუხვია, “ტოიოტა ქემრიდან” გადმოსული პირები გიორგი შაქარაშვილს დაედევნენ, რის შემდეგაც მისი თვალთახვედის არიდან გაქრნენ:

“მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი მირბოდა ჩემ წინ და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქრაშვილს, ხოლო შემდეგ, თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა “სად გაიქეცით, გამოდითო” და თან გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით 35-40 წუთი. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან ცენტრალურ საავტომობილო გაზე”, – ამბობს ახვლედიანი გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში.

ახვლედიანის II ჩვენება “ქემრის” ეპიზოდი

მეორე ჩვენება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ახვლედიანი პირველ ჩვენებაში აღწერილ გარემოებებს მეორე ჩვენებაშიც ადასტურებს. ამ ჩვენებაში ახვლედიანი აცხადებს, რომ შაქარაშვილი ბოლოს ხიდზე გადმოხვევის მომეტში დაინახა და აღნიშნავს, რომ მარჯვენა მხარეს გიორგიმდე გადაუხვია, რის შემდეგაც ფეხის და შეძახილების ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ესმოდა:

“მე, გიორგი შაქარაშვილი და გურამი [ამირხანაშვილი] ვეხმარებოდით გიორგი ქათამაძეს წამოდგომაში, რა დროსაც მეორე ავტომობილმა მოაყენა ჩვენ წინ, ეს იყო მუქი ფერის ავტომობილი, რომლის მოდელი და მარკა არ ვიცი, არ დამინახავს. გაიღო ავტომობილის ორივე მარჯვენა კარი და გადმოვიდა ჩვენზე უფრო მოცულობითი აღნაგობის ორი ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ. მე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, დავიძახე, რომ უნდა გავქცეულიყავით.

მოვტრიალდი უკან და დავიწყე სირბილი, ამ დროს გორგი შაქარაშვილი ჩემზე წინ გარბოდა, ძალიან დაბნეული ვიყავი, გურამი და ქათამაძეც გამომყვნენ უკან. ადამიანები, რომლებიც ავტომობილიდან გადმოვიდნენ, ასევე მოგვდევდნენ ჩვენ. გიორგი შაქარაშვილმა ხიდზე სირბილისას დაახლოებით შუა ნაწილში, ხიდის მეორე მხარეს გადაირბინა და მეც იმ მიმართულებით წავედი, ამ დროს ჩვენი მიმართულებით ისმოდა გინება იმ ადამიანების მხრიდან, ვინდ მოგვდევდა, ხიდის ბოლოში, სადაც ხიდის მოაჯირი დამთავრდა, მე გადავუხვიე მარჯვენა მხარეს, ვაპირებდი იქ დამალვას, თუმცა რელიეფი არ იყო ხელსაყრელი, უსწორმასწორო და დაქანებული ადგილები იყო, თუმცა შიშის გამო მე მაინც რაღაცნაირად ჩავედი ქვემოთ და ეკალბარდებში დავიმალე. გიორგი შაქარაშვილი ბოლოს დავინახე ხიდზე გადმოხვევის მომენტში, იგი ისევ გზაზე გარბოდა, ხიდთან, მე გიორგიმდე გადმოვუხვიე მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ მე არც გიორგი შაქარაშვილი და არც გურამი აღარ მინახავს. დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში მესმოდა ფეხის ხმა, ისინი ყვიროდნენ “სად ხართ”, “გამოდით” და ა.შ. მე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვიმალებოდი ბუჩქებში და ხმას არ ვიღებდი”, – ამბობს ახვლედიანი.

ახვლედიანი მეორე ჩვენებაში გამომძიებლის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მასზე 5 ნაბიჯით წინ მირბოდა:

“როგორც აღვნიშნე,  იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდა ხიდის მოაჯირი, იგი იყო ჩემგან დახლობით 5 ნაბიჯით წინ, მაგრამ იმის გამო, რომ მე მყისიერად ჩავუხვიე ხელმარჯვნივ ციცხაბოზე და შემდგომ გავაგრძელე სირბილი ხიდის ქვეშ გამავალი საავტომობილო გზის მიმართულებით, დამალვამდე, ჩახვევის შემდგომ ვერ დავინახე გიროგი შაქარაშვილის გადაადგილების ტრაექტორია. სავსებით შესაძლებელია, რომ მან ჩამოუხვია იმ გზაზე, სადაც თავდაპირველად ჩამოვედი ციცხაბოზე, რამდენიმე მეტრით იქით. ასეთ შემთხვევაში, მე აღმოვჩნდებოდი ვიწრო გზაზე მის წინ, რის გამო, დავკარგავდი თვალთახედვის არიან, იქიდან გამომდიანრე, რომ დამალვის შემდგომ მესმოდა სირბილის ნაბიჯების ხმა, ხსენებულ ვიწრო გზაზე აშკარად ხდებოდა გადაადგილებები, რომელიც ვერ დავინახე დამალვის და ეკალბარდების გამო” ,- წერია ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვის საპასუხოდ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილი ძალიან სწრაფად დარბოდა და ვარაუდობს, რომ ის პირები, რომლებიც მას მოსდევდნენ, ვერ დაეწეოდნენ:

“ჩემი სუბიექტური შეფასებით, გიორგი შაქარაშვილს ვერ დაეწეოდნენ ის პირები, რომლებიც მოგვსდევდნენ ჩვენ, ვინაიდან გიორგი ძალიან სწრაფად დარბოდა.

ახვლედიანის III ჩვენება “ქემრის” ეპიზოდი

ვახტანგ ახვლედიანის მესამე ჩვენების მიხედვით, რომელსაც Ipn-ავრცელებს, ახვლედიანი ასახელებს იმ ორ პირს, რომელიც მისი წინა ჩვენებების მიხედვით, “ტოიოტა ქემრის” მარკის ავტომობილიდან გადმოვიდნენ და ახალგაზრდებს გაეკიდნენ.

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ეს პირები სატელევიზიო რეპორტაჟებითა და სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცით ამოიცნო და ამბობს, რომ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი იყვნენ:

„გაჩერებისთანავე, გაიღო მანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარი, რა დროსაც იქიდან გადმოვიდა ორი, ასაკით ჩვენზე უფროსი სრული სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ და მივხვდი, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად, რა დროსაც დავიძახე, გაიქეცით-თქო. როგორც შემდეგში არაერთი სატელევიზიო რეპორტაჟით, ასევე სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, ამოვიცანი ეს პირები- არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. არჩილ გაგნიძე იყო საშუალო სიმაღლის, ძალიან მკვრივი, სპორტული აღნაგობის, გამორჩეულად სქელი კისრით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე ის ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ის იყო მაღალი, საშუალო აღნაგობის, წვერმოშვებული და გრძელი თმით. ისიც, როგორც არჩილ გაგნიძე, ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. მე მოვტრიალდი, მაგრამ სანამ მოვტრიალდებოდი, დავინახე, რომ აღნიშნულ მანქანაში კიდევ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა, ვინ იყვნენ ისინი, არ დამინახავს და ვერ გეტყვით”, – ამბობს ახვლედიანი.

ჩვენებაში ახვლედიანი აღნიშნავს, რომ შაქარაშვილთან ერთად მდინარე არაგვის ხიდზე დასავლეთის მიმართულებით მირბოდა, მას შემდეგ კი, რაც გავიდნენ ხიდის ბოლოში, ხელმარჯვნივ გადაუხვიეს და სირბილი ისევ დასავლეთის მიმართულებით გააგრძელეს, რა დროსაც გზის გამყოფი ზოლი მდევრებმაც გადაკვეთეს და მათ გაეკიდნენ:

“მას შემდეგ, რაც მოვტრიალდი, კვლავ გავიქეცი ზემოთ ხსენებული ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, ამ დროს გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე, ასევე უკან მოგვსდევდნენ ზემოთხსენებული მანქანიდან გადმოსული პირები გინებით, ჩვენ გავირბინეთ მდინარე არაგვის ხიდი დასავლეთის მიმართულებით და როდესაც გავედით ხიდის ბოლოში, გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ და გადავკვეთეთ გზის სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, სირბილი განვაგრძეთ დასავლეთის მიმართულებით. როგორც ჩანს, ჩვენმა მდევრებმაც გადმოკვეთეს გამყოფი ზოლი და კვლავ მესმოდა მათი გინების ხმა”, – აცხადებს მოწმე.

ამავე ჩვენებაში ახვლედიანი ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გზაზე განთავსებული ბეტონის ფილები დასრულდა, თბილისის მიმართულებით ჩამავალი მოასფალტებული მეორეხარისხოვანი გზა დაინახა, რომლიდანაც ბუჩქნარი მოჩანდა და გადაწყვიტა ამ ბუჩქნარში დამალულიყო:

“მე გავცდი გზის იმ ნაწილს, სადაც ხელმარჯვნივ განთავსებული იყო ბეტონის ფილები, ამ დროს, ჩემ წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან, ახლოსვე, მორბოდა გურამ ამირხანაშვილი. ზემოთ ხსენებული ბეტონის ფილების დასრულების შემდეგ დავინახე, რომ მარჯვნივ, საპირისპირო მიმართულებით, კონკრეტულად, თბილისის მიმართულებით ჩადიოდა მოასფალტებული მეორეხარისხოვანი გზა. აღნიშული გზა იყო ნაკლებად განათებული და მოჩანდა ბუჩქნარი. გადავწყვიტე, რომ მდევრებისგან დასამალად უფრო ხელსაყრელი იქ ჩასვლა იყო და ბუჩქნარში დამალვა, რის გამოც მყისიერად გადავუხვიე ხელმარჯვნივ, ზემოთ ხსნებულ გზაზე, ვინაიდან გადახვევისას მომიწია ჩასვლა ციცაბო ჩასასვლელზე, ჩავცურდი და გავიქეცი დაღმართზე თბილისის მიმართულებით”, – ამბობს ახვლედიანი.

მისი თქმით, მეორეხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე გადასვლისას წამიერად თვალთახედვის არიდან გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი დაკარგა, თუმცა, როდესაც ამ გზაზე გარბოდა, რამდენიმე წამში შაქარაშვილიც წამოეწია და გაასწრო.

ახვლედიანი აცხადებს, რომ ამ დროს მდევრების ყვირილის ხმა მინელდა და იფიქრა, რომ ისინი ჩამორჩნენ, თუმცა არ შეუწყვეტია სირბილი და როცა უკან მიიხედა, სამი პიროვნება დაინახა რომელთა ვინაობაც არ იცის, რომელიც სირბილითა და გინებით მისი და შაქარაშვილის მიმართულებით მიემართებოდნენ:

“წამიერად, ჩემი თვალთახედვის არედან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი. თუმცა, როდესაც ხსნებულ გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში, წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე ხსენებული მიმართულებით, თუმცა მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით. ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა, ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს, მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის და ახალგაზრდები” ,- ამბობს ახვლედიანი.

ამის შემდეგ ახვლედიანი ამბობს, რომ მარცხენა მხარეს ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი შენიშნა და გადაუხვია გზიდან მარცხნივ არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე, რა დროსაც დაინახა გიორიგ შაქარაშვილი, რომელიც კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე, რომელიც მდინარე არაგვიზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ შედიოდა:

“ვინაიდან მდევრები ოდნავ ჩამოგვრჩნენ და ამასთან, მარცხენა მხარეს შევნიშნე ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი, ვიხელთე დრო და გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე, ამ დროს დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია გზიდან გადახვევის თაობაზე, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევრებიც”, – იხსენებს ახვლედიანი.

ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ ახვლედიანი ბუჩქნარში იმალება და ამ დროს ესმის, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა დაღმართზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითად გარბოდა გიორგი შაქარაშვილი და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ესმოდა რამდენიმე პირის გინების და გადაადგილების ხმა მეორეხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც თავად იმალებოდა:

“გზის ეს მონაკვეთი იყო ნაკლებად განათებული და ვივარაუდე, რომ მდევრები ვერ დაინახავდნენ გზიდან ჩემს გადახვევას. როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, იქვე შევუხვიე მარცხნივ და დაახლოებით ერთ-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამავე დროს, გავიგონე, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა დაღმართზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფანრები. ჩემი დამალვიდან დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორეხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე, აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ხმაური შეწყდა, თუმცა შემდეგ კვლავ განახლდა. ამ გარემოებით უკიდურესად შეშინებული ვიყავი, რის გამოც სამალავიდან არ გამოვსულვარ. ამ პერიოდში მობილური ტელეფონით ვუკავშირდებოდი ჩემ მეგობრებს, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი ნაცემი და ვთხოვდი ჩემს წაყვანაში დახმარებას“, – აცხადებს ახვლედიანი.

შაქარაშვილის ოჯახის უფლებადამცველი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა საქმის მასალებში გამოჩნდა გარემოებები, რომელიც ადასტურებს, რომ შაქარაშვილს “ტოიოტა ქემრიდან” გადმოსული პირები გაეკიდნენ. კერძოდ, ნიკოლაძე აცხადებს, რომ სამი პირი ახალგაზრდას ხიდის გასწვრივ სირბილისას გაეკიდნენ და ხიდების ბურჯებამდე გაჰყვნენ, ორმა პირმა კი ხიდზე გამოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს და იძულებული გახდა სირბილი მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე გაეგრძელებინა, სადაც დაეწივნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მდინარეში გადააგდეს:

“სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში. ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა” ,- ამბობს მირიან ნიკოლაძე.

“ტოიტა ქმერის” ექვსივე მონაწილე უარყოფს, რომ ისინი შაქარაშვილს დაეწივნენ. ისინი შაქარაშვილის სიკვდილთან ყოველგვარ შემხებლობას უარყოფენ.

“არ არის რაიმე საკითხი, რომ რაიმე არსობრივად შეიცვლება. ბატონი ახვლედიანის ჩვენებამ სიტუაცია უფრო გაართულა იმიტომ, რომ დროში და სივრცეში ისეთ გარემოებებზე საუბრობს, უფრო არია. მარტივია მოცემულობა, არავის არ მოუკლავს, ამ 6 პიროვნებაზე მაქვს საუბარი. შაქარაშვილი ვინ მოკლა, ამაზე პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს. მე თითს არავიზე არ ვიშვერ, საგამოძიებო უწყებამ უნდა გაარკვიოს, ვინ მოკლა”, – აცხადებს ტოიტა ქემრის ერთ-ერთი მგზავრის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

შაქარაშვილის ოჯახი კი ტოიტა ქემრის ექვსივე მგზავრისთვის ჯგუფური მკვლელობის მუხლით ითხოვს ბრალის წარდგენას. როგორც ცნობილია, საქმეში მეორე ინციდენტიც ფიგურირებს, რომელიც არაგვის ხიდთან ტოიტამდე მივიდა. მათი მგზავრებიც დაკავებულები არიან, თუმცა, ძალადობის ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალი ამ დროისთვის 17 პირს აქვს წარდგენილი. მათ ნაწილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას, ნაწილს კი ჯგუფურ ძალადობასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. ამ დრომდე ახალგაზრდა ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი საქმის არცერთ ფიგურანტს არ აქვს წარდგენილი. თავად ბრალდებულები კი შაქარაშვილთან რაიმე შემხებლობას უარყოფენ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

შაქარაშვილის ოჯახი ტოიოტა ქემრის ყველა მგზავრის, სულ 6 ადამიანისთვის ითხოვს მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.