ახალი ამბები

საბოლოო პოზიცია არ გვითქვამს – ენმ მაჟორიტარებზე

27 ივლისი, 2020 • 1701
საბოლოო პოზიცია არ გვითქვამს – ენმ მაჟორიტარებზე

“ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან საკომუნიკაციო არხები არ დაუხურავს და “ევროპული საქართველოს” მხრიდან სხვა პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

“საკომუნიკაციო არხები ღია გვაქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ, მაგრამ,  ალბათ, უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქებში გვეყოლება კანდიდატები”, – განუცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ნეტგაზეთს.

მისი თქმით, ენმ აგვისტოს პირველ ნახევარში წარმოადგენს არჩევნებში მონაწილეობის გეგმას, მაჟორიტარ კანდიდატებსა და პროგრამას.

“ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ძლიერი პოზიციები გვქონდა რეგიონებში და ამავე დროს, ვიყავით სინერგიის მომხრე. ამის მაჩვენებელი იყო ჩვენი დათმობა თბილისში 6 მაჟორიტარულ ოლქზე და, სამწუხაროდ, ის ორიც შეუვსებელია ჯერჯერობით. იმედს ვიტოვებ, რომ ამაზე შეთანხმება იქნება. ცოტა ზედმეტი მგონია ამ სიტუაციაში პარტიულ გადანაწილებაზე საუბარი, როდესაც ყველა კუთხით უბედურება ხდება. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ჩვენი პოზიცია, თუმცა საკომუნიკაციო არხები, მათ შორის, კომუნიკაცია “ევროპულ საქართველოსთან” თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ნამდვილად არ დაგვიხურავს”, – ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, ენმ მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება უნდა ეფუძნებოდეს ორ პრინციპს: პარტიის ორგანიზაციულ სიძლიერეს, მის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაჩვენები შედეგის ჩათვლით, და თვითონ კანდიდატების შანსებს.

“არ მინდა ზედმეტ კინკლაობაში წავიდე ოპოზიციასთან. ჩავთვალეთ, რომ იქ, სადაც ძალიან ძლიერი პოზიციები გვქონდა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ეს პოზიციები ბოლომდე უნდა დაგვეცვა, მათ შორის დაგვეყენებინა ისეთი კანდიატები, რომელთაც  გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ. თუმცა, ვიმეორებ, საკომუნიკაციო არხები [ოპოზიციასთან] დახურული არ არის”, – აცხადებს დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ პარტიას ხანგრძლივი კონსულტაციები ჰქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის პირველადი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში დააყენებს საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატებს. უგულავა მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარის მიუხედავად, სხვა ოპოზიციური პარტიები უნდა შეჯერდნენ გარკვეულ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატებზე.

 

გიორგი ცხადაია: “ოცნების” დამკვიდრებულ ბრენდს ოპოზიციამ განახლება უნდა დაუპირისპიროს

მასალების გადაბეჭდვის წესი