ახალი ამბები

ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა – ადვოკატი | შაქარაშვილის საქმე

27 ივლისი, 2020 • 1240
ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა – ადვოკატი | შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 19 წლის ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ წაქაძის ადვოკატი, პაატა გაბელია ადასტურებს. წაქაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹ ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების მიხედვით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

გაბელიას თქმით, ბრალის ნაწილობრივ აღიარებისას წაქაძემ იგულისხმა, რომ ის იძულებული იყო ჩართულიყო ჩხუბში, რომელიც ნაქირავებ აგარაკზე მოხდა (და არა არაგვის ხიდთან, საიდანაც შაქარაშვილი გაუჩინარდა). ადვოკატისვე თქმით, წაქაძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რს მოიმოქმედა, ამიტომ ეს ნათქვამი აღიარებად არ ითვლება.

“თვითონ გამოძიება და ბრალდების მხარე ამას არ თვლის არც თანამშრომლობად, არც რაიმე სახის აღიარებად, როცა პირველივე დაკითხვის დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ ის იძულებული გახდა ჩხუბში ჩართულიყო და ამ ნაწილს აღიარებს”, – განაცხადა გაბელიამ.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თმით კი, წაქაძემ ნაწილობრივ აღიარა ბრალი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაწილში. დამატებითი კითხვები კი გამოძიების პროცესში დაისმება.

“გადაწყვეტილების მისაღბად მნიშვნელოვანი იქნებოდა სრულყოფილი თანამშრომლობა ბრალდებულების მხრიდან, რაც არ ხდება დღემდე. შეუძლიათ წაქაძის ადვოკატებს მოგვმართონ განცხადებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველივე განცხადების შემთხვევაში შევალთ საპატიმრო დაწესებულებაში და გამოვკითხავთ ხელახლა”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 არასრუწლოვნის შესახებ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვების ან მისი გირაოთი ჩანაცველბის თაობაზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლის, მაია ოშხარელის გადაწყვეტილებით 11-ვე მათგანი პატიმრობაში დატოვეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები, რადგან განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სასამართლოს ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი, რომ დაკავებულები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, მათ შორის, ჩამოერთმია სამგზავრო დოკუმენტები და დაეკისრებინა საგამოძიებო უწყებებში ყოველკვირეული სიარული.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლება სხავდასხვა რისკს შეიცავს.

როგორც ცნობილია, საქმეში ასევე ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ საკითხზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

შაქარაშვილის საქმეზე სხვადასხვა მუხლით 17 პირია დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით არცერთი არაა ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით. ოჯახი ტოიოტა ქემრის ყველა მგზავრის 6 ადამიანისთვის ითხოვს მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი