ახალი ამბები

დღეს გაირკვევა, დარჩება თუ არა პატიმრობაში 11 ბრალდებული | შაქარაშვილის საქმე

27 ივლისი, 2020 • 831
დღეს გაირკვევა, დარჩება თუ არა პატიმრობაში 11 ბრალდებული | შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებასთან ან გირაოთი ჩანაცვლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე 11 ბრალდებულის საქმე განიხილება. როგორც დაკავებილების ადვოკატები ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავენ, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვენ.

ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, სამართლებრივად არ არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში უნდა დარჩეს:

“თუ სასამართლო არ მოექცევა საზოგადოებრივი გავლენის ქვეშ და სამართლებრივად შეაფასებს აღნიშულ საქმეს, მე დარწმუნებული ვარ, სამართლებლრივად არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე, ანუ პატიმრობა შეუნარჩუნდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს”,- განაცხადა კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სასამართლოს, სურვილის შემთხვევაში, ყველანაირი ბერკეტი აქვს, პატიმრობა გირაოთი ჩაანაცვლოს, ჩამოართვას სამგზავრო დოკუმენტები და დააკისროს ყოველკვირეული სიარული საგამოძებო უწყებებში.

კობაიძის გნმარტებით, ბრალის დამძიმებას არ განიხილავს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით კი, პროკურატურა 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

“არსებობს უამრავი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დარჩნენ პატიმრობაში ბრალდებულები, მათ შორის არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი არ თნამშრომლობს გამოძებასთან, მათ მიერ წინასწარ მიცემული ჩვენება არ შეესაბამება საქმის მასალებს და უამრავი გარემოებაა, რატომაც ვითხოვთ მათ პატიმრობაში დარჩენას”, – განმარტა ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, საქმეში ასევე ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ საკითხზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

შაქარაშვილის საქმეზე სხვადასხვა მუხლით 17 პირია დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით არცერთი არაა ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით. ოჯახი ტოიოტა ქემრის ყველა მგზავრის 6 ადამიანისთვის ითხოვს მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი