ახალი ამბები

თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის- საგარეო აშშ-ს საქართველოს დახმარების პროექტზე 

25 ივლისი, 2020 • 1316
თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის- საგარეო აშშ-ს საქართველოს დახმარების პროექტზე 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 25 ივლისს გამოეხმაურა აშშ-ს წარმომადგენლეთა პალატის მიერ იმ კანონპროექტის დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა ვერ მიიღოს გამოყოფილი დახმარების 15%. 

“რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას,  აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს. კანონპროექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს მხარი დაუჭირა „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონს“, რომლის ერთ-ერთი დებულების თანახმადაც, საქართველომ შეიძლება ვერ მიიღოს აშშ-ის დახმარების 15%.  კერძოდ, დათქმის მიხედვით, საქართველო ვერ მიირებს დახმარების 15%-ს თი  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და არ შეატყობინებს კონგრესს, რომ:

“საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით”.

ეს კანონპროექტი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ “ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც  აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ”.

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი