ახალი ამბები

პალატამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც საქართველომ შეიძლება აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს

25 ივლისი, 2020 • 1933
პალატამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც საქართველომ შეიძლება აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს მხარი დაუჭირა „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონს“, რომლის ერთ-ერთი დებულების თანახმადაც, საქართველომ შეიძლება ვერ მიიღოს აშშ-ის დახმარების 15%, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეატყობინებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს კონკრეტული მიმართულებებით.

პროექტს მხარი დაუჭირა 224-მა კონგრესმენმა, 189 კი წინააღმდეგი იყო, 17-მა კონგრესმენს კი ხმა არ მიუცია. 224-ივე მხარდამჭერი დემოკრატიული პარტიის წევრია, ხოლო 189 მოწინააღმდეგიდან 181 რესპუბლიკელია, 7 დემოკრატი და 1 დამოუკიდებელი.

რა ხდება შემდეგ?

როგორც აშშ-ის კონგრესის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, კანონმდებლობა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში შემდეგი გზით მიიღება:

თავდაპირველად, წარმომადგენელი [იგივე კონგრესმენი] წარადგენს კანონპროექტს, რომელსაც შემდეგ გადასცემენ შესაბამის კომიტეტს შესასწავლად. თუ კომიტეტი კანონპროექტს დაამტკიცებს, იგი ხვდება განრიგში და მას უკვე განიხილავს წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრი. თუ მთლიანი პალატა მას მარტივი უმრავლესობით (218 ხმა 435-დან) მიიღებს, პროექტი გადაეცემა აშშ-ის სენატს.

ამის შემდეგ პროექტი უნდა განიხილონ სენატის შესაბამის კომიტეტში, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც მას ასევე განიხილავს სენატის სრული შემადგენლობა — მისაღებად საჭიროა 51 ხმა (თუმცა, ხმების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში საქმეში ჩარევის უფლება აქვს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ამავდროულად სენატის პრეზიდენტია).

თუკი პროექტს სენატიც აუნთებს მწვანე შუქს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სენატისა და პალატის მიერ მიღებულ კანონებს შორის განსხვავებებზე იმუშავებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგაც, კანონპროექტი კიდევ ერთხელ გადაეცემა პალატისა და სენატის სრულ შემადგენლობას, ხოლო თუ ისინი მას მიიღებენ, პროექტი გადაეცემა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს 10 დღე მის ხელმოსაწერად ან ვეტოს უფლების გამოსაყენებლად.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, კონგრესს მისი დაძლევა შეუძლია — ამისთვის საჭიროა ხმების 2/3, ანუ 67 ხმა სენატში და 290 წარმომადგენელთა პალატაში.


აშშ 2021 წელს საქართველოს დახმარების სახით 132 მილიონ 025 000 აშშ დოლარს გამოუყოფს, თუმცა ამ თანხის 15%, ანუ 19 803 750 მილიონი აშშ დოლარი, საქართველომ შესაძლოა ვერ მიიღოს, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესს არ შეატყობინებს, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეული მიმართულებებით საჭირო ნაბიჯები გადადგა.

საქართველო დაკარგავს დახმარების ნაწილს თუ:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და არ შეატყობინებს კონგრესს, რომ:

  • საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი