ახალი ამბები

ბამბის 5 პროდუქტიდან ერთი მონური შრომით მოპოვებული ბამბით მზადდება – The Guardian

24 ივლისი, 2020 • 1169
ბამბის 5 პროდუქტიდან ერთი მონური შრომით მოპოვებული ბამბით მზადდება –  The Guardian

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების 180-წევრიანი კოალიციის განცხადებით, მსოფლიოს უდიდესი ტანსაცმლის ბრენდების დიდი ნაწილი სინძიანში, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოპოვებულ ბამბას იყენებს. სინძიანი, ჰან ჩინელებთან ერთად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, მუსლიმი უიღურებით არის დასახლებული.

The Guardian-ის ცნობით, ბოლო პერიოდში რეგიონი არაერთხელ მოექცა მსოფლიო მედიის და უფლებადამცველების ყურადღების ცენტრში. კერძოდ, ჩინეთის სახელმწიფოს მიერ ამ რეგიონში გატარებულ რეპრესიულ ნაბიჯებზე – მასობრივ თვალთვალზე, “ინდოქტრინაციის ბანაკებზე”, უიღურების კულტურული იდენტობის გამოხატვის შეზღუდვაზე – როგორც თემის წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ.

2017 წელს “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გასაჯაროებულ დოკუმენტებში აღწერილია ოჯახების გატაცებისა და “ანტიექსტრემისტული ხელახალი აღზრდის” ბანაკებში მოთავსების ფაქტები. სხვადასხვა გამოთვლით, ამ ბანაკებში ასობით ათასი უიღური მოხვდა, ბევრი მათგანი იქ სისტემატურ დამცირებაზე, გაუპატიურებებსა და იძულებით შრომაზე საუბრობს. Associated press-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ იძულებითი სტერილიზაციის შემთხვევები გამოამჟღავნა. ზოგიერთი აკადემიკოსი ამ ნაბიჯს გენოციდის კვალიფიკაციას აძლევს.

სინძიანი რვა ქვეყანას, მათ შორის, ინდოეთს და რუსეთს ესაზღვრება. რეგიონი ჩინეთის შემადგენლობაში მეთვრამეტე საუკუნეში შევიდა, მისი ისტორიული მოსახლობის წოდებაზე პრეტენზიას აცხადებენ ჩინელებიც და უიღურებიც. 1933 და 1949 წლებში მან “აღმოსავლეთ თურქისტანის” სახელით ორჯერ მოიპოვა ხანმოკლე დამოუკიდებლობა, ორივე შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობის დათბობასთან ერთად მას ეს დახმარება შეუწყდა. 1980-ანი წლებიდან ინდუსტრიის ზრდას მოჰყვა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ჰანი ჩინელების მასობრივი მიგრაცია, რაც ეკონომიკურ უთანასწორობასთან ერთად, კონფლიქტის საფუძველი გახდა. უიღური სეპარატისტების და ისლამისტების ჩადენილი რამდენიმე გახმაურებული ტერაქტი სი ძინპინის მთავრობამ მასობრივი ასიმილაციის პროგრამის დაწყების საბაბად გამოიყენა.

დღეს ჩინეთი ბამბის უდიდესი მწარმოებელია, მისი 85% კი სინძიანში მოიპოვება. უფლებადამცველთა კოალიციის ანგარიშში მოცემულია რეგიონთან დაკავშირებული კომპანიების სია, მათ შორისაა H&M, GAP, კელვინ კლაინი. ზოგიერთი მათგანი უკვე დაუკავშირდა მედიას და პირობა დადეს, რომ ბანაკებში მოპოვებულ ბამბას აღარ შეიძენენ, თუმცა კოალიცია აცხადებს, რომ მონური შრომით მოპოვებული პროდუქტი მთელ მოდის ინდუსტრიაში ტრიალებს და მხოლოდ პირდაპირი სავაჭრო ხაზების კონტროლი საკმარისი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი