ახალი ამბები

სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საქართველოსთან ერთად მეტი წვრთნა ჩაატაროს

24 ივლისი, 2020 •
სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საქართველოსთან ერთად მეტი წვრთნა ჩაატაროს

აშშ-ის კონგრესის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი დებულების თანახმად, სენატი მიიჩნევს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა რუსეთთან სტრატეგიული კონკურენციის ფარგლებში შავ ზღვაში მეტი წვრთნა უნდა ჩაატაროს, მათ შორის საქართველოს ჩართულობით.

დებულებაში ვკითხულობთ: „[აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაზარდოს] NATO-სა და სხვა მრავალმხრივი წვრთნების სიხშირე და მასშტაბები შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან ამის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დოკუმენტმა „სპეკულაციები“ დაასრულა:

„სხვადასხვა შესწორებების გამოყენებას შეეცადნენ პოლიტიკური პარტიები, სხვადახვა პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოო ვერსიამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და მათ მცდელობებს, ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ასე იქნება მომავალშიც, რადგან აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეუქცევადია“, — აღნიშნა მან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ სენატისგან განსხვავებით, ჩანაწერი საქართველოზე არის წარმომადგენელთა პალატის პროექტში — პროექტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან, დღის წესრიგი გვქონდეს, როდის მოგვცემენ თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც ჩვენს ოჯახებს დაეხმარება, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, რომ გვქონდეს საუბარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხარისხობრივად გაღრმავებაზე, NATO-ში გაწევრიანების კამპანიის ახალ ტალღაზე, ამის ნაცვლად დისკუსიაა იმაზე, რამდენად ჩიხშია საქართველო.

ამ დოკუმენტშიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, მხარს უჭერენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ იქვე საუბარია იმ შესწორებით, რომ კონკრეტული კონდიციებია დაყენებული, რომ უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ამ ჩიხიდან ქვეყანა გამოდის და არა ღრმავდება კრიზისი“, — დასძენს იგი.

კანონპროექტი ასევე მიღებული აქვს წარმომადგენელთა პალატასაც და ახლა ისინი და სენატი უნდა შეთანხმდნენ საერსო ვერსიაზე, რომელიც პრეზიდენტს გადაეცემა.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაგრამ ამის მიზეზი მისი სხვა დებულებაა, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებს, რომლებიც კონფედერატი [ერთ-ერთი მხარე აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. კონფედერაცია, შემდგარი სამხრეთის შტატებისგან, მონობის შენარჩუნების მომხრე იყო — რედ.] მოღვაწეების სახელს ატარებენ, სახელი უნდა შეეცვალოთ.

ტრამპის შესაძლო ვეტო საბოლოო ვერდიქტი არაა — კონგრესს მისი დაძლევა შეუძლია, თუმცა ამისთვის ორივე პალატაში საჭირო იქნება ხმების 2/3, ანუ — 100-დან 67 ხმა სენატში და 435-დან 290 წარმომადგენელთა პალატაში.

სენატში კანონპროექტს 86 მხარდამჭერი ჰყავს, წარმომადგენელთა პალატაში კი 295. ამგვარად, კონგრესს აქვს საკმარისი ხმები ვეტოს დასაძლევად.

ამჟამად საქართველოზე აშშ-ის კონგრესში ორი სხვა პროექტიცაა. მათ შესახებ იხილეთ:

ამავე თემაზე

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი