კახეთში, პანკისის ხეობის შესასვლელში, სოფელ მატანთან, ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და გზის გადაკეტვას აპირებდა წინა დღით მომხდარი დაპირისპირების გამო.
როგორც პანკისის სათემო რადიო „ვეი“ იუწყება, მატანში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა მათ უთხრა, რომ წინა საღამოს მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ხეობის სოფელ დუისში, გზაზე, ავტომობილით ქათამი გაიტანეს. ამას კი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში დავით მამუკელაშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
რადიო „ვეის“ ცნობითვე, ჩხუბის შედეგად დაზარალდა მატანში მცხოვრები ორი პირი, ხოლო იმავე საღამოს კონფლიქტი სოფელ მატანში გაგრძელდა, სადაც პანკისელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამჟამად, დაახლოებით 15:00 საათისთვის, როგორც დავით მამუკელაშვილმა გვითხრა, შეკრებილი მოსახლეობა უკვე დაშლილია, „დაძაბულობა მოხსნილია და ყველაფერი კარგად არის“…
„მოხდა ინციდენტი, კონფლიქტი, სხვა არაფერი არ ყოფილა… დღეს [იმიტომ შეიკრიბნენ], რომ ამ კონფლიქტის მონაწილეებთან გარკვეულიყო [ვითარება]. თვითონ მოგვარდნენ. დაძაბულობა მოხსნილია, სიმშვიდეა და დაიშალა მოსახლეობა“, – გვითხრა მან.
ადგილიდან „ტვ პირველიც“ იუწყება, რომ შეკრებილებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი ცოტა ხნის წინ გაათვისუფლეს, თუმცა ამბობს, რომ „დროებით“.
მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ასევე დუისის მკვიდრია, ფეისბუკზე წერს, რომ გუშინ მატნელებმა მისი ძმა სცემეს: „ უდანაშაულოებზე ხელის აწევა, ცემა არ არის გამართლებული საქციელი“, – დაწერა მან.
მან ასევე მოუწოდა მატნის მოსახლეობას, ნუ გადაკეტავენ გზას.