ნეტგაზეთი | „ოქროს საწმისის“ დევნილები ამბობენ, რომ კვლავ იწამლებიან, სახელმწიფოსგან პასუხი არ არის „ოქროს საწმისის“ დევნილები ამბობენ, რომ კვლავ იწამლებიან, სახელმწიფოსგან პასუხი არ არის – Netgazeti
RU | GE  

„ოქროს საწმისის“ დევნილები ამბობენ, რომ კვლავ იწამლებიან, სახელმწიფოსგან პასუხი არ არის

თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილ სასტუმრო „ოქროს საწმისში“, სადაც ამჟამად დევნილთა დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს, მოქალაქეები კვლავ იწამლებიან. სავარაუდო მიზეზი იგივეა – წყალი, რომელიც  ონკანებიდან მოდის.

თავდაპირველად ამ დასახლებაში წყლის უვარგისობაზე საუბარი რამდენიმე კვირის წინ გააქტიურდა, მაშინ, როდესაც, სულ მცირე, 15 მოქალაქე მოწამვლითა და თანმდევი სიმპტომებით კლინიკებში გადაიყვანეს.

მოსახლეობა დღემდე ამბობს, რომ წყლის პრობლემა რამდენიმე კვირის წინ არ დაწყებულა და ჯერაც არ არის მოგვარებული. პირველი მოწამლულების შემდეგ ამ სახლში კიდევ რამდენიმე მოქალაქე მოიწამლა, მათ შორის, პატარა ბავშვებიც.

ყოფილი სასტუმრო „ოქროს საწმისი“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ბევრს სახლში ვმკურნალობდით, მოწამლულების ზუსტი რიცხვი არ ვიცით“, – ამბობს ნეტგაზეთთან „ოქროს საწმისის“ ერთ-ერთი მცხოვრები. მათივე ინფორმაციით, ბოლო მოწამლული – მერვე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

„კორონამ არ მოგვკლა და წყალი გვკლავს“

„ოქროს საწმისში“ მცხოვრებთათვის წყალი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. აქ მცხოვრები მოქალაქეები ნეტგაზეთს უყვებიან, რომ წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, ფაქტობრივად, ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, მათ საცოხვრებელ ოთახებში წყალი მუდამ ჟონავს. ეს კი მათთვის განსაკუთრებული პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ „ოქროს საწმისის“ პატარა ბინებში ათობით ბავშვი ცხოვრობს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ პირობებში თითქმის 25 წელია, რაც ცხოვრობენ. ამას ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებიც. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს 2012 წლის განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილთა განცხადების საფუძველზე „ოქროს საწმისში“ სახურავის და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

„ოქროს საწმისის“ ერთ-ერთი მცხოვრებელის ბინა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ყველა ბინაში ასეთი მდგომარეობაა,“ – გვეუბნება ერთ-ერთი მცოხვრებელი, ანა. მისი განმარტებით, სიტუაცია უარესდება ზამთრობით, ვინაიდან შენობაში ცენტრალური გათბობაც არ არის.

მჟონავი წყლის შესაგროვებლად, მცოხვრებელმა თაროების თავზე სათლი განათავსა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მცხოვრებლები ყვებიან, რომ მოქალაქეების მოწამვლის შემდეგ აქ მოვიდნენ როგორც ოფიციალური უწყებების, ასევე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. ანა იხსენებს, რომ მცხოვრებლებს რეკომენდაცია მისცეს, უშუალოდ შენობაში ონკანებიდან მომავალი წყლით არ ესარგებლათ.

ერთგვარ ალტერნატივად კი მრავალსართულიანი კორპუსისთვის ეზოში ონკანი მოაწყვეს. ამ ონკანიდან მოქალაქეები თავ-თავიანთ ბინებში წყალს ეზიდებიან. შენობაში მომავალ წყალს კი მოქალაქეები უფრთხიან.

ეზოს ონკანი „ოქროს საწმისის“ დასახლებაში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ოქროს საწმისში“ არ იციან, რა იქნება მომავალში. ანა გვიყვება, რომ დასახლებაში ოფიციალური უწყების წარმომადგნელები და პოლიტიკოსები არჩევნების წინ ყოველთვის მოდიან, თუმცა მმართველ პირთა შეცვლის პარალელურად, სიტუაცია დასახლებაში არ იცვლება.

„ოქროს საწმისის“ შიდა კორიდორი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კორპუსის ბინადრებმა არც ის იციან, თუ კონკრეტულად რა სახის პრობლემები აქვს წყალგაყვანილობას. თუმცა გვიყვებიან, რომ რამდენიმე კვირის წინ სახლის კედლიდან გამომავალი მილი, რომლიდანაც წყალი სადარბაზოს მიმდებარედ ჟონავდა, გადაკეტეს. ამის შემდეგ კი დაიწყო ადამიანთა მოწამვლაც.

„ოქროს საწმისის“ დასახლება. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ოქროს საწმისში“ მოქალაქეთა მოწამვლის დაწყების შემდეგ ადგილზე მივიდნენ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

კომპანიაში გვეუბნებიან, რომ შენობას შიდა გაყვანილობის პრობლემა აქვს, უშუალოდ შენობამდე მიყვანილი მილები და წყალი კი – შემოწმებული და ვარგისია. რაც შეეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, უწყებამ რამდენიმე კვირის წინ წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, თუმცა, ჩვენს კითხვაზე, რა აჩვენა კვლევამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სააგენტოში არ გვიპასუხეს.

უახლოეს დღეებში პასუხს დაგვპირდა ჯანდაცვის სამინისტროც. თუმცა რამდენიმე დღით ადრე მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული შენობა კერძო საკუთრებაა, სახელმწიფოს არ ეკუთვნის და, შესაბამისად, ამ კონკრეტული დასახლებისთვის უწყება ვერაფერს გააკეთებს.

„ეს ობიექტი არის კერძო მფლობელობაში, იქ მცხოვრები დევნილების ნაწილი უკვე განსახლებულია სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. დანარჩენ ოჯახებს დღესაც აქვთ საშუალება შემოიტანონ განაცხადი და მათი დაკმაყოფილება კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება.

ჩვენ დღეს ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობაზე, რომლებიც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილნი არიან სტაციონარში და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – თქვა ტიკარაძემ.

„აღიწეროს ყველა ის კომპაქტური დასახლება, სადაც წყალმომარაგების პრობლემაა“, – სახალხო დამცველის წინადადება დევნილთა სააგენტოს

დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პრობლემაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს სახალხო დამცველმაც მიმართა.

წერილში ნინო ლომჯარია ამბობს, რომ წყალმომარაგების პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით გამოჩნდა კორონავირუსის პანდემიის დროს.

„დევნილებს ზოგ შემთხვევაში არ მიეწოდებათ წყალი, ხოლო ზოგიერთ განსახლების ობიექტში გაუმართავი/ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემაა. ასეთ ობიექტებში მცხოვრები დევნილ ოჯახებისთვის ძალიან რთულია დაიცვან ახალი კორონავირუსის, Covid-19-ის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილებისთვის გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, ვინაიდან მათ არ მიუწვდებათ ან/და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი წყალზე. აღნიშნულის გამო შესაძლებელია მაღალი იყოს ვირუსის გავრცელების რისკი.

აღნიშნული რისკი კიდევ უფრო მაღალია ობიექტებში, სადაც მცხოვრებელებს უწევთ საერთო სველი წერტილებით სარგებლობა“, – ამბობს ომბუდსმენი და მოუწოდებს ხელისუფლებას, აღიწეროს და დროულად გამოსწორდეს სიტუაცია, მათ შორის, იმ კომპაქტურ დასახლებებში, სადაც მოქალაქეებს წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ.

ნეტგაზეთი ამ წერილის საპასუხოდ დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ პასუხს რამდენიმე დღეში მოგვაწვდიდნენ. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

დევნილთა დასახლება, სადაც მოსახლეობა სავარაუდოდ წყლით მოიწამლა [ფოტო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან