ახალი ამბებისაზოგადოება

დევნილთა დასახლება, სადაც მოსახლეობა სავარაუდოდ წყლით მოიწამლა [ფოტო]

9 ივლისი, 2020 • 3821
დევნილთა დასახლება, სადაც მოსახლეობა სავარაუდოდ წყლით მოიწამლა [ფოტო]

თბილისის ზღვასთან, ყოფილი სასტუმროს, “ოქროს საწმისის” შენობაში ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქ რამდენიმე დღის წინ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლა. მათი ნაწილი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

დევნილთა დასახლება თბილისის ზღვაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ადგილობრივთა მონათხრობის თანახმად, მომხდარის შემდეგ ადგილზე ოფიციალური უწყებების წამომადგენლები მივიდნენ, აიღეს წყლის სინჯი და დაჰპირდნენ, რომ პასუხი უახლოეს მომავალში იქნებოდა.

რომანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აქ, ნაწილობრივ დანგრეულ კორპუსში ცხოვრობს. ის გვაჩვენებს პატარა მწვანე კარს შენობის მეორე სართულზე, რომლის მიღმაც დაბინძურებული და ნაგვით სავსე სივრცეში წყალგამანაწილებელი მილებია.

სართული, სადაც მილებია გაყვანილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მილები „ოქროს საწმისში“, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თუმცა წყლის პრობლემა მხოლოდ მილებით არ მთავრდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობას წყალმომარაგების სისტემა მთლიანად შესაცვლელი აქვს, ვინაიდან ხშირად წყალი შენობის კედლებიდანაც „მდინარესავით“ ჟონავს.

რომანი გვიყვება, რომ აქ მცხოვრებთა ნაწილი “მთავრობისგან ბინებს ელოდება”, ნაწილი კი სხვა კორპუსებში გადასახლდა. შესაბამისად, კორპუსის შეკეთება და  თუნდაც ახალი მილების მოწყობა არავის აინტერესებს.

დევნილთა დასახლება თბილისის ზღვაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კითხვაზე, თუ რა სიხშირით მოდიან დასახლებაში ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, მცხოვრებლები გვპასუხობენ – „მხოლოდ არჩევნებზე“.

დევნილთა დასახლება თბილისის ზღვაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს. GWP-ში გვიპასუხეს, რომ შენობას შიდა ქსელის პრობლემა აქვს, რაც მათ კომპეტენციას სცდება. მათივე ინფორმაციით, სინჯები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აიღო.

სააგენტოში აცხადებენ, რომ “სინჯები ამ დროისთვის ლაბორატორიულ კვლევას გადის, რომლის პასუხებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”.

რა პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს?

დევნილთა დასახლებიდან მოქალაქეების მოწამვლის შესახებ გუშინ, 8 ივლისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც ჰკითხეს. ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული შენობა კერძო საკუთრებაა, სახელმწიფოს არ ეკუთვნის და, შესაბამისად, ამ კონკრეტული დასახლებისთვის უწყება ვერაფერს გააკეთებს.

„ეს ობიექტი არის კერძო მფლობელობაში, იქ მცხოვრები დევნილების ნაწილი უკვე განსახლებულია სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში. დანარჩენ ოჯახებს დღესაც აქვთ საშუალება შემოიტანონ განაცხადი და მათი დაკმაყოფილება კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება.

ჩვენ დღეს ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობაზე, რომლებიც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილნი არიან სტაციონარში და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – თქვა ტიკარაძემ.

დევნილების არაადამიანურ პირობებში ცხოვრება, როგორც სისტემური პრობლემა

დევნილთა კომპაქტური დასახლებისთვის მსგავსი, სანიტარული თუ საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ ნეტგაზეთს  ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი ესაუბრა.

ბენდელიანი ხაზს უსვამს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილთა კომპაქტურ დასახლებებს არ აქვთ ცალკე გამოყოფილი სველი წერტილი ან სასმელი, ვარგისი წყალი.

„განსახლების მოლოდინში ადამიანებს წლების განმავლობაში უწევთ მსგავს პირობებში ცხოვრება. ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში არაადამიანურ პირობებში ცხოვრება უწევთ. განსახლების პროცესი იმდენად ნელა მიდის, რომ ეს ყველა ავარიული კორპუსი როდის დაიხურება, ამაზე პასუხი არ აქვს სახელმწიფოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება კიდევ ათეულობით წელი ამ ადამიანებს მსგავს შენობებში ცხოვრება მოუწიოთ. რაც, თავის მხრივ, მათი სიცოცხლისთვის საშიშია“ ,- ამბობს ელიკო ბენდელიანი.

ელიკო ბენდელიანი

ბენდელიანი მიიჩნევს, რომ ისეთ დროს, როდესაც მოქალაქეებს სანიტარული პირობები არ აქვთ, განსახლების პროცესი კი წლობით გრძელდება – ცალსახაა, რომ დევნილი მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა შეიქმნას.

„განსახლებისა და პირობების არარსებობის პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა პანდემიის დროს. თუმცა ეს ხდება არა მხოლოდ ავარიულ შენობებში, არამედ უკვე პრივატიზებულ კორპუსებშიც. ამ უკანასკნელზე კი სახელმწიფომ ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა, მაშინ, როდესაც ამ ობიექტებში ჯერ კიდევ არსებობს სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები.

უნდა ითქვას, რომ განსახლების ტემპები ბოლო პერიოდში დაჩქარდა, რაც მისასალმებელია. უბრალოდ, პრობლემის სისტემური მოგვარება ვერ ხდება და ეს პროცესი ძალიან გაწელილია წლებში. სახელმწიფო და მათ შორის, დონორი ორგანნიზაციები, თავს იკავებენ ავარიულ ობიექტებში თანხის ჩადებისგან, რადგან ფიქრობენ, რომ ეს რესურსების არამიზნობრივი ხარჯვაა.

თუმცა მაშინ, როცა ამ ადამიანების გამოსახლება ვერ ხერხდება სწრაფად და დროულად, ბუნებრივია, რომ ეს პოზიცია სრულიად მიუღებელია. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ყველა პირობა, რათა ღირსეულად იცხოვრონ“, – ამბობს ბენდელიანი.


ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი