უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ კიევზე რუსეთის მიერ ხუთშაბათს ღამით განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად კიევის თითქმის ყველა რაიონი დაზარალდა.

„დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურთან, სასწრაფო დახმარების მანქანებთან, საწარმოებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან ერთად“, – განაცხადა სამინისტრომ.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სულ მცირე 92 ადამიანია დაშავებული, მათ შორის- ბავშვები.

„მტერმა კიდევ ერთხელ შეგნებულად ამოიღო მიზანში საცხოვრებელი უბნები და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები“, – თქვა დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტნიორები გვერდიდან არ უყურებდნენ, როგორ ნადგურდება ადამიანების სიცოცხლე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური საჰაერო დარტყმის სამიზნედ დაასახელა  კიევისა და კიევის რეგიონში სამხედრო-სამრეწველო და საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსების ობიექტები.