ახალი ამბები

“სოლიდარობის ალიანსის” წევრები გომელაურის გადადგომას მოითხოვენ

23 ივლისი, 2020 •
“სოლიდარობის ალიანსის” წევრები გომელაურის გადადგომას მოითხოვენ

დამოუკიდებელი დეპუტატების პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს, 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

პარტიის ლიდერის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ისინი გომელაურის გადადგომას ითხოვენ, რადგან ვერ ართმევს თავს “ბუნებრივ ფუნქციას, რომ დანაშაულის პრევენცია და სწრაფი გახსნა უზრუნველყოს, არამედ დაკავებულია წინა საარჩევნო კამპანიით”.

პარტიის წევრის, გედევან ფოფხაძის განმარტებით კი, ძალოვანი სტრუქტურები დაკისრებულ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევენ, როდესაც დახმარებისთვის მოქალაქეები მიმართავენ, თუმცა განსაკუთრებულ მობილიზებას ახდენენ მაშინ, როცა ამის საჭიროებას “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილი ხედავს.

“საგამოძიებო სტრუქტურები არ რეაგირებენ, როცა მოქალაქეები მიმართავენ მათ, მაგალითად, ფონიჭალაში მომხდარი შემთხვევისას [თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება], ოჯახს ქუჩის აქციები არ დასჭირდებოდა, საგამოძიებო ორგანოებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ. შაქარაშვილის საქმეზეც იგივე საკითხებია. ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა და ჩვენ ვგრძნობთ, როცა ბიძინა ივანიშვილს სჭირდება შსს-ს მსგავსი მხარდაჭერა, მისი სახლ-კარის გარშემო მთელი სამინისტროს თანამშრომლები იკრიბებიან, როცა მოქალაქეს უნდა პოლიციელი, შეიძლება მთელი დღე ვერ ეღირსოს მის ყურადღებას”, – განაცხადა ფოფხაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი განმარტებით, გარდა ამ საკითხებისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურები წინასაარჩევნო პროცესებშიც ერევიან, რაც მათ მომხრეებთან პოლიციელების და ძალოვანი სტრუქტურების სატელეფონო ზარებით გამოიხატება. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის ზარებს გულისხმობს, ფოფხაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე “ამაზე კონკრეტიკას არ აპირებენ”.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, რომელმაც პარტიის წევრებს მიმართა კითხვით, რატომ გახდნენ ისინი “ქართული ოცნების წევრები”, თუ გომელაური არჩევნებში მანამდეც ერეოდა:

“ახლა დაიწყო გომელაურმა არჩევნებში ჩარევა? თუ ადრეც ერეოდა? თუ ადრე ერეოდა, მაშინ რატომ შემოვიდნენ ისინი “ქართულ ოცნებაში” და რატომ გახდნენ ქართული ოცნების წევრები ან 2016-ში ან მანამდე… ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ეწევიან “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები, ახლა მათ სიტუაციას ასე აწყობს და ასე აკეთებენ”, – განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი