ახალი ამბები

ოჯახის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

22 ივლისი, 2020 • 1707
ოჯახის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალიდან 5 დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა.

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ.

ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ახალგაზრდა ქალის დედამ განაცხადა, რომ ოჯახის წევრებმა შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს. დედის თქმით, შვილი მძინარე მდგომარეობაში დატოვა და შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს. ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე. თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მათ იქ არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავთ. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ სახლიდან იშვიათად გადიოდა და არ გამორიცხავენ, რომ ის თეთრიწყროს მიმართულებით ვინმეს მოტყუებით წაეყვანა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი