ახალი ამბები

COVID-19-ის გავრცელებაზე დასაკვირვებლად მეცნიერები კონცერტს აწყობენ

23 ივლისი, 2020 • 1314
COVID-19-ის გავრცელებაზე დასაკვირვებლად მეცნიერები კონცერტს აწყობენ

სხვადასხვა მასობრივი შეკრებისას კორონავირუსის გავრცელებაზე დასაკვირვებლად გერმანიაში მდებარე ჰაალეს საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერები კონცერტს აწყობენ. სამეცნიერო გამოცემა IFL science-ის თანახმად, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებაზე გერმანელი არტისტი, ტიმ ბენცკო ლაიფციგის დახურულ არენაზე იმღერებს. 

“კორონავირუსის პანდემიამ ღონისძიებების ინდუსტრია შეაჩერა. სანამ დაავადების გავრცელების რისკი არსებობს, ადამიანთა მასობრივი შეკრებები აკრძალულია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის გარკვევა, თუ რა პრევენციული ზომებით შეგვიძლია ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანა”, – აღნიშნა გერმანიის საქსონია-ანჰალტის რეგიონის ეკონომიკის მინისტრმა, პროფესორმა არმინ ვილინგმენმა განცხადებაში

პროექტში, სახელწოდებით RESTART-19 4 ათასი 18-იდან 50 წლის ასაკამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მოხალისეები კონცერტის დაწყებამდე 48 საათით ადრე კორონავირუსის ტესტირებას ჩაიტარებენ და მხოლოდ ნეგატიური პასუხის შემთხვევაში ექნებათ ღონისძიებაზე დასწრების უფლება. 

კონცერტზე დასწრებამდე მეცნიერები მოხალისეებს FFP2 ნიღბებითა და მანათობელი ხელის სანიტაიზერებით მოამარაგებენ, რომლის საშუალებითაც ისინი დაადგენენ, თუ რა ზედაპირებს ეხებიან დამსწრეები ყველაზე ხშირად. ამასთან, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე მიიღებს ელექტრონულ მოწყობილობას, რომელიც მკვლევრებს რეგულარულად მიაწოდებს მონაცემებს მათი დისტანციისა და სხვა ადამიანებთან კონტაქტის ხანგრძლივობისა და სიხშირის შესახებ. 

ყველა ადამიანის მოძრაობისა და კონტაქტების შესახებ მონაცემების შეკრების შემდეგ, მეცნიერები კომპიუტრული მოდელის დახმარებით შეამოწმებენ, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის კორონავირუსი. 

პროექტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ექსპერიმენტი 3 სცენარის მიხედვით ჩატარდება: პირველ მათგანში მონაწილეობას 4 ათასი ადამიანი მიიღებს და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდის სიმულაცია იქნება; მეორე სცენარში, რომელშიც ასევე 4 ათასი მონაწილე იქნება, ადამიანების მოძრაობა გაკონტროლდება – ისინი დიდი დისტანციით იქნებიან დაშორებული ერთმანეთისგან; მესამე შემთხვევაში კი, მონაწილეობას 2 ათასი ადამიანი მიიღებს და მათ შორის დისტანცია 1.5 მეტრი იქნება. 

ჰაალეს საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მონაცემების დამუშავებას 1 თვის განმავლობაში შეძლებენ და შედეგებს საზოგადოებას ოქტომბრის დასაწყისში წარუდგენენ.

_

 

მასალების გადაბეჭდვის წესი