ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ და რატომ აქცევს ისტორიულ სივრცეს მწვანე თარგებში

23 ივლისი, 2020 • 2144
ვინ და რატომ აქცევს ისტორიულ სივრცეს მწვანე თარგებში

თბილისის მოსახლეობამ 19 ივლისს კახა კალაძის ფეისბუქ ლაივიდან შეიტყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტროტუარი ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო მის სამშენებლო ღობეებში მოქცევამდე. სამუშაოების დაწყებიდან თითქმის 180 დღის შემდეგ ქალაქის მერმა წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე გამწვანებულ თარგებს მოაწყობენ.

იდეა ზოგს მოეწონა, ზოგს – არა, თუმცა კრიტიკოსები ვიზუალურ მხარესთან ერთად ორ მიმართულებაზე ამახვილებენ ყურადღებას: ესკიზის  წარდგენა მოულოდნელად, მის მომზადებაში საზოგადოების წევრთა ჩართულობის გარეშე, და ქალაქის მთავრობის შესაძლო მცდელობა, შეკვეცოს ათწლეულების მანძილზე ისტორიულ გამზირთან გაიგივებული საპროტესტო სივრცე.

იანვარში, როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს, მოსახლეობამ მხოლოდ იქ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ იცოდა, რომელთა ფარგლებშიც უნდა განახლებულიყო ფილები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადრენაჟო სისტემები, თბოიზოლაციები და სხვა. არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ ტერიტორია იმგვარად შეიცვლებოდა, როგორც ეს კალაძის ფეისბუქ ლაივში ნაჩვენებ ფოტოებზეა წარმოდგენილი.

კალაძის ცნობით, ასეთი იქნება ტროტუარი პარლამენტის წინ

ქალაქის მთავრობის ვალდებულება, რომ პროექტი საზოგადოების მაღალი ჩართულობით მომზადებულიყო, ერთი ათად იზრდება, როცა საქმე ეხება რუსთაველის გამზირს: ასე ფიქრობს ცირა ელისაშვილი, კულტუროლოგი და “თბილისის ჰამქრის” წევრი. ის მერიის გეგმებს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ პროცესის შემოქმედნი ვერ იაზრებენ რუსთაველის გამზირის ლანდშაფტსა და მნიშვნელობას.

“ის რენდერი, რაც ვნახეთ, სრულიად შეუსაბამოა ურბანული გარემოსთვის. შესაძლებელია, ასეთი ტიპის ფორმირება იყოს სკვერის თვალსაზრისით გათვალისიწნებული, მაგრამ როცა საუბარია პარლამენტის წინ არსებულ მოედანზე, იქ ასეთი ტიპის სივრცული  გადაწყვეტა არის სრულიად მიუღებელი. ეს არის ურბანული გარემო. ეს არ არის სკვერი, სადაც შეიძლება, გამართლებული იყოს მსგავსი რამის გაკეთება”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კულტუროლოგს მიაჩნია, რომ მერიას მოსახლეობა ფაქტის წინაშე არ უნდა დაეყენებინა; მოქალაქეებს ქალაქის მერის ფეისბუქ გვერდიდან არ უნდა გაეგოთ, როგორ იცვლება ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამზირი ქვეყანაში:

“გარდა იმისა, რომ ეს არის ცენტრალური მაგისტრალის, გამზირის ტერიტორია, თავად ეს მოედანი, ისტორიული კომპლექსი, საკმაოდ მძიმე თემაა. ყველაფერი, პოლიტიკური თვალსაზრისით რაც ხდება ამ ქვეყანაში, ხდება ამ მოედანზე. ეს მოედანი წყვეტს ამ ქვეყნის ბედს, როგორც წესი. მე ამას აღვიქვამ, როგორც ხელოვნურ ბარიერს, რათა დისკომფორტული იყოს ადამიანებისათვის ამ მოედანზე აწი დგომა, რაც ასევე მგონია, რომ ძალიან არასწორი მიდგომაა”.

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილის ეს მოსაზრება რუსთაველის გამზირის შემოღობვის პირველივე საათებიდან ისმოდა. საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ სამუშაოები ემსახურებოდა პროტესტისათვის ყველაზე პოპულარული სივრცის შეზღუდვას; სივრცისა, სადაც ადამიანები ყველაზე ხშირად იკრიბებიან ქვეყნის მმართველი წრეების წინააღმდეგ თუ კონკრეტული სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნებით.

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრს, შოთა დიღმელაშვილს, რომელიც გასული წლის ივნისში დაწყებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, ეს აზრი პროექტის ესკიზის გამოქვეყნების შემდეგ უფრო განუმტკიცდა. აქტივისტი არ ფიქრობს, რომ მერიის ეს გეგმა ადამიანებს საპროტესტოდ შეკრებაში ხელს შეუშლის, თუმცა ხაზს უსვამს გადაწყვეტილების დისკუსიის გარეშე მიღებას.

“8 თვეზე გაწელილი რეაბილიტაცია პროტესტის სივრცის შეზღუდვის მიზანმიმართული მცდელობა რომ იყო, მაშინვე ეტყობოდა, როცა შემოღობეს მწვანე ღობით. მანამდე არც ყოფილა ხსენებული, სახელდახელოდ წამოიწყეს, პროტესტის შიშით გააკეთეს ეს. ამოცანა ის იყო, რომ არჩევნებამდე, სანამ პოლიტიკურად ცხელი სეზონი იყო, მანამდე, პრაქტიკულად, მოეკლათ პროტესტის ეს კერა.

…ეს ისტორიული ადგილია, თანამედროვე საქართველოს ისტორიული, უმნიშვნელოვანესი მომენტები, ეროვნული ტრაგედიები და ეროვნული დღესასწაულები აქ მოხდა. თუნდაც ლამაზი იყოს ის, რასაც აკეთებენ და თუნდაც საბჭოთა კორპუსებს რომ ევრორემონტს უკეთებენ, მაგ ესთეტიკური პრინციპების ჩამომავალი არ იყოს, მაინც არ შეიძლება საჯარო ჩართულობის გარეშე, ერთპიროვნულად ვიღაცამ გადაწყვეტილება მიიღოს, როგორი შეიძლება იყოს ეს ისტორიული ადგილი”, – აცხადებს ის.

ქალაქის მერმა ზემოთ ხსენებული ჩართვისას გამორიცხა პროტესტის შეზღუდვის განზრახვა. მისი თქმით, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და ეს მიდგომა [სახელმწიფოს] მხრიდან არასდროს შეიცვლება”. თუმცა, მისივე თქმით, ის,რაც გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს და ამ პროცესში მუნიციპალიტეტს მხარდაჭერა სჭირდება.

თუ იქამდე თბილისის მერია სოციალურ ქსელში გამოკითხვებს ხშირად აწარმოებდა ხოლმე, მაგალითად, რა ფერებში გადაეწყვიტათ ახალი ავტობუსები, ამჟამად მერმა მოსახლეობას პირდაპირ წარუდგინა რეაბილიტირებული გამზირის ესკიზები. თარგების მოწყობა კახა კალაძემ მეტი გამწვანებით ახსნა, რაც, მისი თქმით, “არსებულ სივრცეს კიდევ უფრო გაალამაზებს”.

“ჩვენ, ყველანი ვამბობთ, რომ ამ ქალაქს გამწვანების სექტორები აკლია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე მოეწყოს ასეთი გაზონი, რომელიც დაიტვირთება გაუგებარი ნარგავებით.

ვერც კი ვხვდები, რა მისია აქვს ამ ტიპის ნარგავების გაჩენას რუსთაველზე, პარლამენტის წინ. ამის ახსნა პირადად მე არ მომისმენია. თუნდაც ეს იყოს გამწვანების კოეფეციენტის ზრდით გამართლებული, ეს არ არის ის ტერიტორია, რომელიც სურათს შეცვლის. ეს არ არის ის მასშტაბი, რომელმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს მწვანე სივრცეების არსებობაზე. ეს არის ხელოვნური ბარიერი”, – პასუხობს მერის განცხადებებს ცირა ელისაშვილი.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ამგვარი გარდაქმნის საჭიროებას ვერ ხედავს. მისი აზრით, ეს ხელოვნური ჩარევაა ქალაქის იერსახეში.

“რუსთაველის გამზირი უკვე ჩამოყალიბებულია თავისი ფუნქციით. ეს არის გამზირი, სადაც მოქალაქეები პროტესტის მიზნით იკრიბებიან. ეს არის საჯარო სივრცე, რომელმაც ეს ფუნქცია შეიძინა. გაზონებით თუ ხელოვნურად ამ ყველაფრის მოშლა, ამ პროცესში ჩარევა, ვფიქრობ, ძალიან არასწორია. …თითქოს სურვილია უკვე, რომ ეს საპროტესტო ადგილი გააქრონ, თუმცა არაფერი ამით არ იცვლება. თუ არსებობს პროტესტი, აუცილებლად გამოინახება ადგილიც”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

თამარ ამაშუკელი არ ფიქრობს, რომ რეაბილიტაციის დაგეგმვა ფართო დისკუსიის გარეშე ცალკეული პრობლემაა. მისი თქმით, ეს არის სისტემის პრობლემა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად მუშაობს და არ უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას.

“ეს საერთოდ პრობლემაა სახელმწიფოში, ჩვენს სისტემაში. კანონი მათ ავალდებულებს საჯარო განხილვებს. აკეთებენ კიდეც ამას, თუმცა ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ადამიანები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მთელი მოსახლეობა ჩაერთოს განხილვაში. პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან, არ კმარა მათთვის გარკვეული პროექტის ასე წარდგენა.

აუცილებელია, წარდგენის შემდეგ მიიღონ ამ ადამიანების რჩევები და გაითვალისწინონ. თუ პროექტი უკვე მზად არის და ეს არის “გალაჩკისთვის” გაკეთებული პრეზენტაციები, ეს ხელოვნურია და ამას აზრი არ აქვს”, – აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე.

ბოლო დღეებში ისმოდა კითხვები 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალსა და ტროტუარზე სიმბოლურად დატოვებულ ქვის რამდენიმე ფილაზე, რომლებიც ფოტოებზე არ ჩანდა. მერიაში ადასტურებენ, რომ 9 აპრილის მემორიალი ადგილზე რჩება, ფილები კი, კახა კალაძის თქმით, დასაწყობებულია და კვლავ დაბრუნდება ტროტუარზე. “ნეტგაზეთს” სურდა, მერიის პასუხები საზოგადოებაში არსებულ სხვა კითხვებზეც მოესმინა, თუმცა პრესსამსახურში ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარებს არ ახმიანებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ კომპანია “გრინსერვისი” აწარმოებს. კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე “ნეტგაზეთს” ივნისში ეუბნებოდა, რომ სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს. ეს მოგვიანებით თბილისის მერმაც დაადასტურა. კითხვაზე, რატომ გაგრძელდა სამუშაოები ამდენ ხანს, “გრინსერვისის” დირექტორმა გვითხრა, რომ თავი იჩინა არაერთმა პრობლემამ, რომელიც იქამდე ზედაპირზე არ ჩანდა. კალაძემ ერთ-ერთ ფაქტორად პანდემია დაასახელა, რომელმაც, მისი თქმით, სამუშაოები შეანელა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი