საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ მთავრობა კონტრაქტს აღარ გაწყვეტს. შესაბამისი განცხადება სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

განცხადების თანახმად, „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერასთან” კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ”, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა“.

გადაწყვეტილებას სამინისტრო შემდეგი მიზეზებით განმარტავს:

  • საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან“ დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში ,,ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია, ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ რიგში, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სამინისტროს ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილებით „ხაზს უსვამენ საქართველოს გულწრფელ სურვილს, ღია და გამჭვირვალე იყოს ურთიერთობა „ფრონტერასთან“, რისთვისაც ასევე სასურველია კომპანიამ გაასაჯაროოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები (აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით) სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ“.

გარდა ამისა, განცხადებაში სამინისტრო ამბობს, რომ „ფრონტერას“ კამპანიაში, რომლის მიზანიც „საქართველოს იმიჯის დაზიანება იყო“, „ძალაუნებურად ჩართული აღმოჩნდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წევრი – საქართველოს მეგობარი კონგრესმენები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების თაობაზე არსებითად მცდარ ინფორმაციას ისევ „ფრონტერას“ მესვეურები და მათ მიერვე დაქირავებული ლობისტები აწვდიდნენ.

“აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით.

ამგვარი მიდგომით ხაზს ვუსვამთ საქართველოს გულწრფელ სურვილს, ღია და გამჭვირვალე იყოს ურთიერთობა ,,ფრონტერასთან,, რისთვისაც ასევე სასურველია კომპანიამ გაასაჯაროოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები (აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით) სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ”, – აცხადებენ სამინისტროში.

გაიგეთ მეტი ამ თემაზე

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე