ახალი ამბები

მინდა შსს-ს დავავალო მოქალაქეების ინფორმირება — გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე

23 ივლისი, 2020 • 1384
მინდა შსს-ს დავავალო მოქალაქეების ინფორმირება — გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და, შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას. აქ უაღრესად მნიშვნელოვანია, შსს-ს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი გამოძიება, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა, პირველ რიგში ოჯახის, შემდგომ — საზოგადოების.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლებები შსს-ში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესადი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

კიდევ ერთხელ, ამ თემაზე საუბრის დასრულებისას მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება“.


შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

იმის შესახებ, თუ რა არის ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი