ახალი ამბები

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

22 ივლისი, 2020 • 4307
რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდა პროგრამისტი ქალის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის მოკლეს და შესაძლოა მისი დაღუპვის ამბავი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

რა ვიცით დაკარგული თამარ ბაჩალიშვილის ამბავზე, რომელიც ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მე-5 დღეს, მანქანაში დაღუპული იპოვეს?

გაუჩინარება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ცოცხალი ბოლოს 18 ივლისს ნახეს. მისმა დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრებმა შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს.

დედის თქმითვე, შვილი მძინარე დატოვა, შემდეგ კი, დაახლოებით შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.

სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც თამარი და არც მისი მანქანა აღარ დახვედრიათ ადგილზე, რის შემდეგაც დღის ბოლოს პოლიციას მიმართეს.

ოჯახის ცნობით, იმ დღეს ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა ბოლოს დააფიქსირეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან.

ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ის ამ ტერიტორიაზე. თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით,  იქ არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავთ.

ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ სახლიდან იშვიათად გადიოდა და პირველ დღეებში ამბობდნენ, რომ არ გამორიცხავენ, თეთრიწყროს მიმართულებით ვინმეს მოტყუებით წაეყვანა.

ძებნა

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა ოჯახმა და ახლობლებმა გამოძიების მსვლელობით უკმაყოფილება მალევე გამოხატეს.

სამშაბათს, 21 ივლისს, ფონიჭალაში დაკარგულის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა გზა გადაკეტეს გამოძიების სწრაფად ჩატარების მოთხოვნით.

„სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ“, – ამბობდა დაკარგულის დედა, თეონა თამაზაშვილი და მიუთითებდა, რომ გამოძიება „დუნედ მიმდინარეობს“.

მან ამის არგუმენტაციისთვის, სულ მცირე, ორი გარემოება მოიყვანა:

  1. „ამ დრომდე ვერ იპოვეს ამხელა მანქანა“
  2. „მხოლოდ დღესღა გახსნეს თამარის კომპიუტერი“;

იმ საღამოს აქციაზე თეონა თამაზაშვილმა, პოლიციის უშედეგო ქმედებების ფონზე, განაცხადა, რომ მეორე დილიდან მეზობლებთან ერთად თავად დაიწყებდა კარდაკარ სიარულს შვილის საძებნელად.

აქცია ფონიჭალაში

იმავე საღამოს ოჯახმა პოლიციისგან, კერძოდ კი, საქმის გამომძებლისგან, პირობა მიიღო, რომ შემდეგი დილიდან ძებნაში ვერტმფრენი ჩაერთვებოდა. თუმცა, მისი თქმითვე, ტარდებოდა „ათასი ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედება“, მათ შორის, დრონების დახმარებით.

პოვნა

მეორე დილას, დაკარგვიდან მე-5 დღეს, ანუ 22 ივლისს, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მარნეული-თეთრიწყაროს გზის სიახლოვეს იპოვეს.

ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, რომელიც საქმეში წინა დღეს ჩაერთო, „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ გოგოს ცხედარი და მანქანა მწყემსმა იპოვა.

რამიშვილის თანახმადვე, რომელიც დღეს ადგილზე იმყოფებოდა, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზე იყო, მანქანა — დაკეტილი, გასაღები კი ასევე მანქანაში იყო.

როგორც ადვოკატი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, მანქანაში აღმოჩენილი ცხედრის მდგომარეობა მას აფიქრებინებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დიდი ხნის გარდაცვლილია.

გამომძიებლებმა მანქანიდან გარკვეული ნივთები ამოიღეს, მათ შორის, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მედიკამენტებიც.

თუმცა მიხეილ რამიშვილმა გვითხრა, რომ იქ რაიმე „განსაკუთრებული წამლები“ არ შეუნიშნავს და მედიკამენტების აღმოჩენა ამ ეტაპზე არავითარი დაშვებების გაკეთების საშუალებას არ იძლევა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.

ცხედარი, პოვნიდან რამდენიმე საათში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოქვეყნდება ექსპერტიზის დასკვნა.

სად იპოვეს?

რამიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადგილი, სადაც მანქანა და ცხედარი იპოვეს, არ არის ტყეში ღრმად შემალული და საჰაერო ძებნას უფრო სწრაფად უნდა მოეტანა შედეგი.

„მთავარი არხის“ ცნობით, ოჯახის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვემო ფონიჭალიდან გავიდა, თამარის მანქანა 12 საათზე მარნეულში დაფიქსირდა, შემდეგ -თეთრიწყაროში, სოფელ ხაიშში, კვალი კი სოფელ გოლთეთში იკარგებოდა.

21 ივლისს „მთავარ არხთან“ საუბარში პოლიციელები  ამბობდნენ, რომ რამდენიმე სოფლის ტერიტორიაზე ინტენსიურად ეძებდნენ დაკარგულს, მათ შორის- ხაიშში, წინწყაროში, ფარცხისში და ქოსალოში.

ადვოკატის და დედის მსგავსად, პოლიციის მიმართ კრიტიკას გამოთქვამს დაღუპულის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც:

„ვეხვეწები ხუთი დღეა, ხალხნო, ბავშვი დავკარგე, ნახეთ, მაპოვნინეთ. „ვიყავი“. ვითომ გადიან საძებრად, გაძღებიან, სვამენ, ვიყავითო. მივედი იმ ადგილას, ზუსტად, სოფელში. არავინ არ ყოფილა პოლიცია დღეს აქაო. აი, აქედან უკვე ეჭვი დამებადა“, – თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა, ნანი ბალახაძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძებნის პირველ დღეს შემოიარეს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა მანქანა არ უპოვიათ: „აბსოლუტურად მთელი შემოგარენი შემოვიარეთ. მერე თუ მივიდა მაგ ადგილზე, არ ვიცი“.

ის ადგილი, სადაც მანქანა იპოვეს, მცირედით არის დაშორებული მაგისტრალიდან.

წითლად მონიშნულია ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს. ეს ადგილი ხაიშიდან დაშორებულია დაახლოებით 29 კმ-ით, ხოლო გოლთეთიდან დაახლეობით 6კმ-ით.

ამასთან, როგორც ტვ პირველის დრონით გადაღებულ კადრებითაც დასტურდება, ჰაერიდანაც შეიძლება აღნიშნული ადგილის დანახვა.

ვერსიები

ჯერჯერობით გამოძიებას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არ დაუსახელებია.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს კი ამ დროისთვის ორი ძირითდი ვერსია აქვს: როგორც მამა ფიქრობს, ის „მოტყუებით გაიყვანეს და მოკლეს“, რადგან „სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო“, რაც უფრო სარწმუნოდ მიაჩნია, რადგან სამსახურიდან რომ მოდიოდა „აგრესიული იყო“, ან „მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა“, რასაც ნაკლებად განიხილავს.

წინა დღეებში დედაც ვარაუდობდა, რომ შვილის გაუჩინარება შესაძლოა მის სამსახურთან ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან სამსახურზე არ საუბრობდა და თითქოს მალავდა.

„რომ ვკითხე, ესენი რა არის- მეთქი, ზოგი რაღაცა მეც არ ვიცი, კანადიდან მოდის შეკვეთებიო და ვინაწილებთო. დეველოპერული კომპანიააო. რას აკეთებთ- მეთქი, რაღაცებს ვერ ვიგებ-მეთქი, და მე თვითონაც არ ვიციო, ისინი მიგზავნიან გასაკეთებელ მასალას და მე ვაკეთებო“, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა 21 ივლისს „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

სამსახურის ამბავი მამასაც აეჭვებს: „არ მეუბნებოდა. ფაქტობრივად, მივედი ორჯერ იმ კორპუსთან, სადაც მუშაობდა, და არ შემიშვა. ერთხელ შევედი და კარებზე არაფერი ეწერა, რა დაწესებულებაა, და ისევ გამოვედი“…

კომპიუტერი

მამის მონათხრობის თანახმადვე, მას ერთ-ერთმა გამომძიებელმა უთხრა, რომ კომპიუტერი გახსნეს და თამარი „ძალიან დიდი პრობლემის“ წინაშე იდგა, თუმცა მეორე გამომძიებელმა უთხრა, რომ კომპიუტერი ვერ გახსნეს.

„ვრეკავ [გუშინ] დილით, მისკდება გული, მთელი ღამე არ მპასუხობს. თქვენი შვილიო, კომპიუტერი გავხსენი და ძალიან დიდი პრობლემის წინ არისო… ეს იყო გუშინ. აი, კომპიუტერში ვის ხელშიც იყო, ის პირი მეუბნება მე მაგას. და მეუბნება, დიდი პრობლემააო… და მეორე მოდის და მეუბნება, არ არის გახსნილიო“…

განათლება და დასაქმების ადგილი

სოციალურ ქსელებში — ფეისბუკზე და ლინკდინზე — მითითებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც თსუ-ში კომპიუტერული მეცნიერებები ისწავლა, თამარმა განათლება საფრანგეთში მიიღო და იქაც ინფორმატიკა ისწავლა. როგორც დედამისი ამბობს, საფრანგეთში მან კიბერნეტიკა ისწავლა.

ლინკდინზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი დეველოპერი იყო, რომელიც პროგრამების, აპლიკაციებისა და ვებსაიტების შექმნაზე მუშაობს პროგრამირების სპეციალური PHP სკრიპტის გამოყენებით (ანუ იყო PHP დეველოპერი).

ერთ-ერთი კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი იყო დასაქმებული, არის საქართველოში დარეგისტრირებული შპს „ზეგ“, საიდენტიფიკაციო ნომრით 405130914, რომელიც 2015 წელსაა შექმნილი.

მისი დირექტორი თამარ კობერიძეა, რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარებიც გააკეთა. საჯარო რეესტრის მონაცემებითვე, კომპანიის მფლობელი არის აშშ-ის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი.

საძიებო სისტემა „გუგლში“ აბრაჰამ რეიხბახი იძებნება, როგორც ამერიკული კომპანია ZAG-ის მეწილე, ეს კომაპანია კი აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ სანკტ-პეტერბურგშია დარეგისტრირებული 2013 წელს. საჯარო ცნობებით, ის 34 კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომელთაგანაც 30 აქტიურია.

სწორედ ZAG-ის ქართული ფილიალია შპს „ზეგ“, რომლის ოფისშიც ვაკეში მდებარეობს. დღეს ამ ოფისში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, თუმცა შსს ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ რა მიზნით.

გარდა კომპანია „ზეგისა“, პროფესიულ სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე თამარ ბაჩალიაშვილს სამუშაო ადგილად მითითებული აქვს ავსტრიული კომპანია SPRYFLASH, რომელიც ავსტრიაშია დარეგისტირებული და, ლინკდინის თანახმადვე, 50-მდე დასაქმებული ჰყავს.

„ნეტგაზეთმა“ სცადა კომპანიის მითითებულ ნომერზე დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარს არავინ უპასუხა. ჩვენ კომპანიას მითითებულ ელფოსტაზე გავუგზავნეთ შეტყობინება და პასუხს მიღების შემთხვევაში მკითხველს გავაცნობთ.

რას ამბობს კომპანია?

კომპანია „ზეგის“ ქართული ოფისის დირექტორი, თამარ კობერიძე კი მედიასთან საუბარში უარყოფს შესაძლებლობას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვა დაკავშირებული იყოს ამ კომპანიასთან.

22 ივლისს, გარდაცვალების დადასტურებამდე რამდენიემ საათით ადრე, შპს „ზეგის“დირექტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

მისი თქმითვე, ეს არ გაჰკვირვებია, რადგანაც „ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა“.

დირექტორის თანახმადვე, შპს „ზეგ“ არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია, საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს და დასაქმებული ჰყავს 50-მდე თანამშრომელი.

„ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები“.

რაც შეეხება გარემოებას, რომ დაღუპული ოჯახის წევრებთან სამუშაოს არ აღწერდა, დამსაქმებელი ასე ხსნის:

„მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა, რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი. პანდემიის დაწყებიდან გადავედით მუშაობის ონლიან რეჟიმში და თამუნას ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლიან სისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანამშრომლების საათების დათვლას. თამუნამ ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას“.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე და არც ინფორმაციას ავრცელებს. უცნობია, რა მუხლით არის გამოძიება დაღუპვის ფაქტზე დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი