ნეტგაზეთი | 3 კვლევა ქართულ სასამართლოზე – პრობლემები, რომლებიც (არ) გვარდება 3 კვლევა ქართულ სასამართლოზე – პრობლემები, რომლებიც (არ) გვარდება – Netgazeti
RU | GE  

3 კვლევა ქართულ სასამართლოზე – პრობლემები, რომლებიც (არ) გვარდება

საქართველოში მოქმედმა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები სამი უახლესი კვლევის სახით წარმოადგინა. EMC-მ IDFI-სა და CRRC-სთან ერთად შეისწავლა სასამართლო სისტემის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ფუნქციონირება და სასამართლოს ხელმისაწვდომობის ხარისხი.

კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2019-20 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცებული ამ დრომდე არ არის, რაც, მათი აზრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს აღნიშნული საკითხის მიმართ. ისინი სხვა არასათანადო მიდგომებზეც საუბრობდნენ.

“ბოლო წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან ფორმალისტურად ეკიდებოდა სამოქმედო გეგმის შესრულებასა და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც თავადვე აიღო საკუთარ თავზე. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლებიც  ეხება სასამართლოების გამჭვირვალობას, განუხორციელებელი ისნტიტუციური რეფორმების საკითხს…

ამიტომაც, ბევრი საკითხი, როგორიცაა სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის გამჭვირვალობა თუ მოსამართლეების დაწინაურების საკითხი, კვლავაც არ არის მოგვარებული”, – აღნიშნავს მედიასთან საუბრისას გურო იმნაძე, “ადამიანუს უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი.

როგორ სრულდება სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა?

დამტკიცებულია და მოქმედებს სასამართლო სისტემის 2017-21 წლების სტრატეგია, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია აღნიშნული სტრატეგიის  2019-20 წლების სამოქმედო გეგმა. ამის გამო არასამთავრობოებმა კვლავ 2017-18 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ხარისხი შეისწავლეს.

კონკრეტულად, პროექტის გუნდმა შეისწავლა პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობა 2018 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით.

ავტორთა თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და “ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად თუ სრულდება კონკრეტული აქტივობები”.

“შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება, რითაც ამ ფორმატის არსებობას და ქმედითობას მნიშვნელოვანი ჩრდილი ადგება”, – ვკითხულობთ კვლევაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სისტემაში განხორციელებული რეფორმების ოთხი ტალღისა და რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კვლავ დგას ძირეული რეფორმების საჭიროების საკითხი. კერძოდ:

  • ავტორები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სწორედ ბოლო 2 წლის სამოქმედო გეგმის დაუმტკიცებლობას განიხილავენ. არასამთავრობოების თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილებში არაფერია ნათქვამი პროცესის გაჭიანურების მიზეზებზე;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის მიზნით ცალკეული დადებით ცვლილებები განხორციელდა, თუმცა გასაძლიერებელია ძირითადი საქმიანობის წარმმართველი ორგანოს – სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს – დაცულობის ხარისხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზეგავლენისაგან;
  • პასუხისმგებელ უწყებებს სათანადო შრომა არ გაუწევიათ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემის სრულყოფისათვის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არაერთი პრინციპული საკითხი ყურადღების მიღმა რჩება;
  • ავტორთა აზრით, კვლავ ბევრია სამუშაო მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის მიმართულებით. მათი თქმით, დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმემის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები. კერძოდ, ახალი სამოქმედო გეგმის პროექტი არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გაძლიერებას და კონფიდენციალობის მაღალი ხარისხით დაცვას დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის წარმოებისას.
  • კვლევაში ვკითხულობთ, რომ აუცილებელია, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შემდგომმა ეტაპმა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებისათვის საჭირო რიგი საკითხები. მათ შორისაა საბჭოს დაკომპლექტების წესის, შემადგენლობის, წევრების არჩევა/დანიშვნის კრიტერიუმებისა და პროცედურების დახვეწა, გადაწყვეტილებების მიღება-დასაბუთების პრაქტიკის გაუმჯობესება და ა.შ.

ჯამში, ზემოაღნიშნულ საანგარიშო პერიოდში განხილული 68 აქტივობიდან, რომელთაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა, ავტორებმა შესრულებულად მიიჩნიეს 11, ნაწილობრივ შესრულებულად – 31, შეუსრულებლად კი – 26.

საქმეთა ელექტრონული განაწილება – საჭირო რეფორმა შემდგომი ძალისხმევის გარეშე

საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპი სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღის” ფარგლებში დაინერგა. წესი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმეების შემთხვევითად, ელექტრონულად განაწილებას გულისხმობს.

“ამ რეფორმების განხორციელება თავის დროზე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა კვლავაც სერიოზული პრობლემებია ამ მექანიზმის მუშაობასთან დაკავშირებით და კვლავაც არსებობს განაწილების პროცესში მანიპულაციის შანსები და იმისა, რომ კონკრეტული საქმეები რომელ მოსამართლეზე განაწილდება, ამაზე ჰქონდეს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თუ სასამართლოს თავმჯდომარეებს”, – აღნიშნავს გურო იმნაძე.

სისტემის მონიტორინგი 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ავტორთა შეფასებით, საჭირო რეფორმის შემდგომ დახვეწაზე შესაბამის უწყებებს დიდი ძალისხმევა აღარ გაუწევიათ და საკითხმა აქტუალობა დაკარგა. ძირითად მიგნებებს შორისაა.

  • ზოგიერთ სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე საქმეთა განაწილების შემთხვევითობის პრინციპის დაცვას გამორიცხავს;
  • სასამართლოს თავმჯდომარეს კვლავ აქვს რიგი, რეფორმასთან შეუსაბამო უფლებამოსილებები. კერძოდ, მას, მოადგილესთან და კოლეგიის თავმჯდომარესთან ერთად, კვლავ ენიჭება განაწილებული საქმეების ხედვის უფლებამოსილება; შეუძლია მოსამართლეთა დატვირთულობის  გაზრდა/შემცირება; აქვს მორიგეობის გრაფიკის შემთხვევითობის დაუცველად შეცვლის უფლება;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კოლეგიიდან ირჩევს მხოლოდ 1 მოსამართლეს, დანარჩენების შერჩევის პროცედურა ისევ ბუნდოვანია;
  • კვლავ დღის წესრიგში დგას მოსამართლეთა არათანაბარი დატვირთულობის საკითხი;
  • გაუარესებულია საკითხთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა; კვლევის ავტორებმა ვერ მიიღეს მონაცემები მოსამართლეთა დატვირთულობასა და მორიგეობის გრაფიკებზე;
სასამართლოს ხელმისაწვდომობა – რას ფიქრობენ მოქალაქეები?

2020 წლის 19 თებერვლიდან 8 მარტამდე ჩატარებული ეს კვლევა მოკლედ მიმოიხილავს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს. მთლიანობაში გამოიკითხა 2 290 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი საშუალოდ აფასებს საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობას, თითქმის მესამედი კი ამბობს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა.

მოსახლეობის უმრავლესობა ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა სასამართლოს, ნახევარზე მეტი კი თვლის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის.

რაც შეეხება ხელმისაწვდომობის კომპონენტს: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (51%) ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლო სისტემა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია. 41%-ის აზრით, არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო მოსახლეობის მეათედზე ნაკლები (8%) აცხადებს, რომ არ იცის.

სამართლებრივი დავების განხილვის ვადებთან დაკავშირებით მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა არ იცის, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დავების განხილვა.

“საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯები ხელს უშლის საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მიმართონ სასამართლოს.

სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქმის განხილვის ხანგრძლივობა, სასამართლოსადმი უნდობლობა, დამნაშავის მიერ მომავალში დაზარალებულზე შურისძიების საფრთხე და სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადება ხელშემშლელი ფაქტორებია საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის, რომ სასამართლოს მიმართოს.

ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას მოსალოდნელი სასჯელის გამო და ასევე კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, მიუღებლად მიიჩნევს სასამართლოს გზით დავას”, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან