ახალი ამბები

კალანდიას ადვოკატი სააპელაციოს განაჩენს ზეწოლას უკავშირებს, რასაც ბრალდების მხარე უარყოფს

21 ივლისი, 2020 • 964
კალანდიას ადვოკატი სააპელაციოს განაჩენს ზეწოლას უკავშირებს, რასაც ბრალდების მხარე უარყოფს

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, სააპელაციო სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქალაქოს განაჩენი ზეწოლის გამო დატოვა ძალაში. ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ინტერესში შედის და გენერალურ  პროკურორად ირაკლი შოთაძის ხელახალი დანიშვნის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

“ჩემი ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამემდე მოსამართლეთა კოლეგიაზე განხორციელდა ზეწოლა გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან, რომელთაც არანაირად არ აწყობდათ სხვა გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, სართულზე იმყოფებოდა სუს-ის ორი თანამშრომელი, რომელიც აკვირდებოდა ვითარებას. აღნიშნული განაჩენი აწყობს ქართულ ოცნებას, რომელსაც მიცემული აქვს სიტყვა ზაზა სარალიძისადმი, რომელზეც ფაქტობრივად მიბმულია შოთაძის ხელახლა დანიშვნა”, – თქვა მან.

კითხვას, საიდან ფლობს ინფორმაციას ზეწოლისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ, ადვოკატმა უპასუხა, რომ ცნობები “სანდო წყაროსგან” აქვს.

პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ გაუგებარი უწოდა თოდუას ამ ბრალდებებს. მისი თქმით, განაჩენი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადგა.

“სრულიად გაუგებარია, რა სახის შეთანხმებაზე საუბრობს დაცვის მხარე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და ერთობლივად, მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები და სწორედ მტკიცებულებათა საფუძველზე მიღებულ იქნა ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება”, – აღნიშნა მან.

მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრების თქმით, იმედი არ აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება, თუმცა პროცედურების სრულყოფის მიზნით, ყველა ინსტანციას მიმართავენ, რის შემდეგაც საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.

“შემდგომი ინსტანცია გველოდება წინ. ველოდები განაჩენის გადმოცემის პროცესს. მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ეს მოსამართლეები გადაწყვეტილებას, როდესაც საქმეში არაფერი დევს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ…

შესვლის დროსაც ვთქვი მე, რომ არ იქნებოდა არანაირი ცვლილება, რადგან როდესაც მოსამართლე დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, გამოდის და უტიფრად ამბობს, რომ 20 წლის ბიჭი უნდა გავუშვათ 11 წლით ციხეში, სარკაზმულია მათი მხრიდან ეს ყველაფერი. …

უდანაშაულო ადამიანების ადგილი ციხეში არ არის”, – უთხრა კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ.

ბრალდების მხარე არ იზიარებს  ოჯახისა და ადვოკატის პოზიციებს მტკიცებულებების არარსებობასთან დაკავშირებით. პროკურორის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლო 9 თვის მანძილზე იკვლევდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებას, მათ შორის, წერილობითსა და ნივთიერს, ვიდეოჩანაწერებს და 150-მდე პირის ჩვენებას, რის შემდეგაც შესაბამისი განაჩენი დადგა.


კალანდია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ჩხუბში ორი არასრულწლოვანი მოკლეს – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. თვეების განმავლობაში კალანდია საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, რასაც სარალიძის მამა აპროტესტებდა.

კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2018 წელს შეიქმნა პარლამენტში.

ამავე თემაზე:

სააპელაციომ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი