ახალი ამბები

“კოალიცია თანასწორობისთვის” მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

21 ივლისი, 2020 • 1292
“კოალიცია თანასწორობისთვის” მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

“კოალიცია თანასწორობისთვის” “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების ჩატარებას ითხოვს “მის  მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე”. საქმე ეხება მარტში ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს, როცა მკოიანი იარაღით ხელში მისდევდა კონკრეტულ პირს და, სავარაუდოდ, რამდენჯერმე გაისროლა კიდეც. 20 ივლისს მომხდარის ამსახველი კადრებიც გავრცელდა.

“…მედიაში გავრცელებული ვიდეომასალით იმთავითვე  დგინდებოდა და ამ ეტაპზე გავრცელებული კადრები უკვე აშკარად ცხადყოფს, რომ ამ დაპირისპირების დროს მკოიანი იყენებდა იარაღს. თუმცა დეპუტატის მხრიდან იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რაც მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების სამართლებრივ და პოლიტიკურ პრივილეგირებულობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ის ქმედით ზომებს არ იღებს დეპუტატის უკანონო და ძალადობრივი ქცევის აღსაკვეთად და მის მიმართ აშკარა ლოიალობას ინარჩუნებს”, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კოალიციის თქმით, 26 მარტის შემთხვევის მიღმა მკოიანის სახელს სამცხე-ჯავახეთში მომხდარი სხვა ძალადობრივი შემთხვევებიც უკავშირდება. მას მაგალითად მოჰყავს 2020 წლის 8 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოფელ ხოსიპოში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ენზელ მკოიანთან დაახლოებულმა პირმა ა.ა.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო:

“მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. ადგილობრივები საუბრობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების დეპუტატთან ახლობლობის გამო, შესაძლოა, დაზარალებულები თავს იკავებდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან და არსებობს მომხდარის არაეფექტური გამოძიების რისკი.

…აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან, მკოიანის ახლობლები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ”.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მომხდარ ინციდენტებზე სამართალდამცავები არასათანადოდ რეაგირებენ, რაც მკოიანის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგიების ნიშანია. კოალიციაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული გარემოებები რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ქმნის.

“აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ხელისუფლების სურვილი, ელექტორალური მიზნებისთვის გამოიყენოს მისი გავლენები, ეს პრაქტიკა, გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რეგიონების პოლიტიკურ იზოლაციას აღრმავებს, ის არსებითად აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს”, – ამბობენ ისინი.

კოალიცია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ენზელ მკოიანის ქმედებების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.

“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი