ახალი ამბები

აქცია საგარეო უწყებასთან

19 ივლისი, 2020 • 1055
აქცია საგარეო უწყებასთან

თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში ამ დრომდე იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.

“აქედან 6 ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიტაცეს, ბოლოს გატაცებული კი ფეხში დაჭრეს.

ტატო ზარქუას, ბუთხუზ კვირკვიას, მიხეილ და მათე ლამანძიებს, ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გატაცებული გენადი ბესტაევი უკვე მსჯავრდებულია და ორწლიან სასჯელს 2019 წლის ნოემრიდან იხდის”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მოძრაობის განცხადებით, აქციის მიზანია, შეახსენოს ამ ადამიანების მძიმე ყოფა ხელისუფლებას, მოსთხოვოს მას გააქტიურება საერთაშორისო დონეზე, გარდა ამისა, ასევე, საზოგადოებას მოუწოდოს გაერთიანებისკენ, როგორც ეს ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა.

აქციას თავას ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა, მან გატაცებული მოქალაქეების ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.

აქციაზე იმყოფებოდა ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხიზიც. მისი თქმით, გახელაძის გატაცების შემდეგ მათთან, ქვემო ჭალაში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველი და ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა მათაც არ აქვთ რესურსი ინფორმაცია გამოიტანონ ოკუპირებული ცხინვალიდან.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ოსური მხარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ზაზა გახელაძეს ახლა არა მათი მხარდაჭერა, არამედ კვალიფიციური იურისტები ესაჭროება, ვინაიდან მის მიერ ჩადეილი ქმედებები სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

ოფიციალური თბილისის ცნობით, ქართულმა მხარემ ვენაში გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი დააყენა. ქართულმა მხარემ რამდენჯერმე გაააქტიურა ე.წ. ცხელი ხაზი და მოითხოვა დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გადაცემა.

აშშ-ის მუდმივმოქმედმა მისია ეუთო-ში ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ მართული უშიშროების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას და დაჭრის გამო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.


ზაზა გახელაძე 11 ივლისს, შუადღისას დაჭრეს და დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი