ახალი ამბები

როდესაც “ქართულ ოცნებას” 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ – კალაძე

17 ივლისი, 2020 • 1174
როდესაც “ქართულ ოცნებას” 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ – კალაძე

“ამ კონკრეტულ კვლევებში, როდესაც “ქართულ ოცნებას” 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 5-იანი უნდა ყოფილიყო”, – ეს განცხადება ‘ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ გააკეთა ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით და მიანიშნა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი 59 პროცენტია და არა 39 პროცენტი.

კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობით არა, მაგრამ დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში კოალიციების გარეშე”.

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა პოლიტიკური რეიტინგები გაზომა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ტელეარხის ინფორმაციით, შედეგები ასე გადანაწილდებოდა:” “ქართულ ოცნება” – 39%, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი – 20%, ენმ – 16%, ევროპული საქართველო – 5%, ლელო – 3%, ლეიბორისტები – 3%, ახალი საქართველო (გიორგი ვაშაძე) – 3%, პატრიოტთა ალიანსი – 3%, გირჩი – 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

“ფორმულას” ინფორმაციით, კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი