ახალი ამბები

ნახევარფაბრიკატები, რომელთა შემცველობა ეტიკეტს არ შეესაბამება

17 ივლისი, 2020 • 3038
ნახევარფაბრიკატები, რომელთა შემცველობა ეტიკეტს არ შეესაბამება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საკვებ პროდუქტებში ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირების მიზნით შემოწმება ჩატარდა. შედეგად გამოვლინდა, რომ 9 სახეობის ნახევარფაბრიკატის ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია პროდუქციას არ შეესაბამება.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 20 ნიმუში აიღეს ვირისა და ცხენის ხორცის იდენტიფიცირების მიზნით, 20 ნიმუში კი – ფრინველის ხორცის. აღნიშნული ნიმუშები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აკრედიტებულ ლაბორატორიაში – “ხარისხის ლაბორატორია – LLC  Quality Lab” – შეამოწმა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად 9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც, სააგენტოს ინფორმაციით, ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა:

  • შპს „თავადური 2014“   –  „კატლეტი გაყინული“; „გუფთა გაყინული“;
  • შპს „ექსტრა მითი“ – „სოსისი საბავშვო“;
  • შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ – „სოსისი საქონლის ვაკე“;
  • შპს „ოს გრუპი“ – „პილმენი გაყინული“;
  • შპს „ნიკორა“  – „ხინკალი სამეფო“;  „სოსისი ივერია“;
  • შპს „ფასანაური 2010“  – „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“;
  • შპს „ხახაბო“  –  „გაყინული ხინკალი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი