ახალი ამბები

კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

15 ივლისი, 2020 • 909
კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, ამ დროისთვის ბავშვის ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების მოძიება და მათი ტესტირება. ამ დროისთვის 10 თვის ჩვილი თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და, როგორც ნელი ხიზანიშვილი გვეუბნება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ბავშვი გარკვეული სიმპტომებით მიიყვანეს თელავის ბავშვთა საავადმყოფოში. შემდეგ გაუკეთდა ტესტი და ახლა თბილისშია სამკურნალოდ გადაყვანილი. როდესაც ბავშვი ხვდება საავადმყოფოში და მას შესაბამისი სიმპტომები აქვს, ის ტესტირებას ექვემდებარება”, – აცხადებს ხიზანიშვილი.

15 ივლისის 17:50 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1004 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 873 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევა ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი