ახალი ამბები

ოჯახში მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ცინარიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

15 ივლისი, 2020 • 769
ოჯახში მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ცინარიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე, რომელსაც ბრალი ოჯახის წევრის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ედებოდა, 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ცინარიძის წინასწარი პატიმრობა აპრილში შეეფარდა, თუმცა დღეისათვის აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა გირაოთი.

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით ცინარიძე ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 28 აპრილს დააკავეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (11 პრიმა მუხლზე მითითებით) დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

29 აპრილს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ცინარიძეს წაუყენეს როგორც აღნიშნული ბრალი, ასევე, ახალი ბრალდება — ოჯახში ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

პირველი მუხლი მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე მუხლის დარღვევა კი მაქსიმუმ ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძე, პროკურატურის თქმით, ადგილზე დააკავეს.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.


წაიკითხეთ ასევე:

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობა რთულდება, თუ მოძალადე პოლიციელია – “საია”

მასალების გადაბეჭდვის წესი