ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობა რთულდება, თუ მოძალადე პოლიციელია – “საია”

14 ივლისი, 2020 • 923
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობა რთულდება, თუ მოძალადე პოლიციელია – “საია”

ოჯახში ძალადობის საქმეში ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა კაცია, მსხვერპლის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია: შესაბამისი მონაცემები “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კვლევაშია მოცემული, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგს ეხება. ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოს მიდგომები გამკაცრებულია, თუმცა სურათი ქალაქების მიხედვით განსხვავდება.

“საიას წარმომადგენლები ოჯახში ძალადობის 122 საქმის განხილვას დაესწრნენ, საიდანაც 115-ში ბრალდებული კაცი იყო, 7-ში კი – ქალი. მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულის მსხვერპლნი სამართალდამცავ ორგანოებს პირველივე შემთხვევის დროს არ მიმართავენ.

ორგანიზაციას მოყვანილი აქვს მაგალითი, რომელიც, მონიტორინგის ავტორების თქმით, ადასტურებს, რომ მსხვერპლის მდგომარეობა რთულდება, თუ მოძალადე სამართალდამცავ უწყებაში საქმიანობს. ამ კონკრეტულ საქმეში მონაწილე პირი პატრულ-ინსპექტორი იყო.

“როგორც პროცესზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ამასთან, ბრალდებულმა იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა, თუმცა ეს მისთვის შემაკავებელი ფაქტორი არ ყოფილა. პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობა და ასევე დააყენა შუამდგომლობა თანამდებობიდან ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ მოთხოვნა პატიმრობის ნაწილში დააკმაყოფილა, თუმცა მეორე შუამდგომლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვინაიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს უშუალო კავშირი არ ჰქონდა ბრალდებულის სამსახურთან, მისი გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ბრალდებულს საქმიანობის შესრულებისას არაერთხელ მოუწია რეაგირება ოჯახურ დანაშაულზე”.

“საია მიიჩნევს, რომ ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამოძიებაში მონაწილე სამართალდამცავების დამოკიდებულებებს იმ მანკიერი წარმოდგენებისა და მსჯელობებისადმი, რომლებიც ხშირად განაპირობებს ოჯახურ დანაშაულებს. ეს მინიმუმამდე შეამცირებს პოტენციური მოძალადის გავლენების გამოყენებას მსხვერპლის საზიანოდ”, – წერს ორგანიზაცია.

“საია” ხაზს უსვამს, რომ მსგავსი დანაშაულების მიმართ ბრალდების მხარის მიდგომა გამკაცრებულია და საპროცესო შეთანხმებები, პრაქტიკულად, აღარ ფორმდება. საანგარიშო პერიოდში 523 საქმიდან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება მხოლოდ 7 შემთხვევაში გაფორმდა.

“დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც პირმა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან ორ დღეში, კვლავ ჩაიდინა სამართალდარღვევა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მონიტორინგის თანახმად, 75 ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული 122 პირიდან 60-ის (49%) მიმართ სასამართლომ გამოიყენა გირაო, ერთ შემთხვევაში – პირადი თავდებობა, ხოლო 59-ში (48%) – პატიმრობა. სურათი ქალაქების მიხედვით განსხვავებულია: განსაკუთრებული სიმკაცრით თბილისის საქალაქო სასამართლო გამოირჩევა.

ჯამში, “საია” დაესწრო ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებულ 162 სხდომას, საიდანაც განაჩენი დადგა 56 საქმეზე: 39 (70%) – გამამტყუნებელი, 14 (25%) – გამამართლებელი, ხოლო 3 (5%) – ნაწილობრივ გამამართლებელი.

“თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ მკაცრი მიდგომით გამოირჩევა ამ ტიპის დანაშაულებთან მიმართებით. ასეთ საქმეებზე განსაკუთრებით მაღალია სასჯელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც 67%-ს შეადგენს”, – წერს ორგანიზაცია.

“საიას” ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში, რა დროსაც საია-მ 2744 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა; ასევე, ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი