ახალი ამბები

ცინარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

30 აპრილი, 2020 • 1017
ცინარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სასამართლოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ცინარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ივნისს გაიმართება.

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით ცინარიძე ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 28 აპრილს დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (11 პრიმა მუხლზე მითითებით), რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.

29 აპრილს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ცინარიძეს წაუყენეს როგორც აღნიშნული ბრალი, ასევე, ახალი ბრალდება — ოჯახში ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

პირველი მუხლი მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე მუხლის დარღვევა კი მაქსიმუმ ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძე, პროკურატურის თქმით, ადგილზე დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი