ახალი ამბები

საპატრულოს ყოფილ უფროს ცინარიძეს მეორე ბრალდებაც წაუყენეს

29 აპრილი, 2020 • 1228
საპატრულოს ყოფილ უფროს ცინარიძეს მეორე ბრალდებაც წაუყენეს

საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილ მოადგილეს დავით ცინარიძეს, რომელმაც, გამოძიების თანახმად, მეუღლეს იარაღიდან ესროლა, მეორე ბრალდებაც წაუყენეს.

28 აპრილს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში 28 აპრილს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით დაიწყო (11 პრიმა მუხლზე მითითებით), რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

29 აპრილს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ცინარიძეს წაუყენეს როგორც აღნიშნული ბრალი, ასევე, ახალი ბრალდება — ოჯახში ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

პირველი მუხლი მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე მუხლის დარღვევა კი მაქსიმუმ ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძე, პროკურატურის თქმით, ადგილზე დააკავეს.

პრესრელიზში წერია, რომ ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლო  აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.


დავით ცინარიძის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის 2015 წელს გავრცელებული ვიდეოკადრებიდან გახდა ცნობილი.

ვიდეოში ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის, დავით ცინარიძის და მისი მოადგილის, გიორგი (გოგა) ჭანტურიას სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა.

დავით ცინარიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა შსს-ს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა განაგრძო.

ენმ: მოქალაქის ზეწოლა პატრულებზე მათივე უფროსის საშუალებით [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი