ახალი ამბები

ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა გადაიდო

14 ივლისი, 2020 • 1005
ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა გადაიდო

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ორი კანონპროექტი უნდა განეხილათ, ოპოზიციის პროტესტის შემდეგ გადაიდო. დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია აღნიშნული განხილვის დანიშვნამ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის პარალელურად.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომა პლენარულის დასრულების შემდეგ გაიმართება.

დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტს ორი კანონპროექტი უნდა განეხილა:

  1. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დაჩქარებული წესით;
  2. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დაჩქარებული წესით.

სხდომა დაახლოებით 17:50 საათზე დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ “კომიტეტის სურვილია”, ორივე კანონპროექტზე დღეს ჩამოყალიბდეს პოზიციები. აღნიშნულის შემდეგ მოხსენებით გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რის შემდეგაც დეპუტატებმა კითხვების დასმა დაიწყეს. სწორედ ამ დროს მოითხოვა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სხდომის შეწყვეტა.

“ახლა მიმდინარეობს პლენარული სხდომა, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია სახელმწიფო ინსპექტორის. ეს არის რეგლამენტის ძალიან უხეში დარღვევა.

…მე იქ ანგარიშს ვუსმენდი, კითხვა დავსვი და გამოვედი, რადგან ამ საკითხის განხილვის ფორმატში ჩართვა მინდოდა, მაგრამ ეს არის ძალიან უხეში დარღვევა. მე გთხოვთ, რომ შეწყვიტოთ ეს სხდომა და დაელოდოთ [პლენარული] სხდომის დამთავრებას. როცა დამთავრდება პლენარული სხდომა, რეგლამენტის წესების დაცვით განიხილეს შემდეგ კომიტეტზე, ეს იქნება ღამე თუ ეს იქნება დილას”, – მიმართა მან კომიტეტის თავმჯდომარეს.

ბესელიას შენიშვნას შემდგომ სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ, რის შემდეგაც რომან კაკულიამ შესვენება გამოაცხადა.

“მე როცა ვიკითხე ეს, მითხრეს, რომ რიგგარეშეების შემთხვევაში არ არის ეს შეზღუდვა. თუ შეიძლება, დავაზუსტოთ. თუ რაღაცას ვარღვევთ, არ მინდა ასე გაგრძელება”, – აღნიშნა კაკულიამ.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ “ფეისბუქზე” დაწერა და პროცესი მმართველი გუნდის სიჩქარით ახსნა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განსახილველად.

“დაჩქარებული წესით უნდათ, მარეგულირებლებს მისცენ ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების კონტროლი. ისე ჩქარობენ, რომ ტელეკომის კანონის ვერსია ჯერ არ გაუვრცელებიათ. არავის არ აქვს დარბაზში!

დეპუტატებს კითხვებს არ ასმევინებენ. კომიტეტი პლენარულის დროს დანიშნეს, რაც კანონის დარღვევაა. ახლა მოუწიათ შესვენების გამოცხადება კომიტეტზე. მერე პლენარულზე გამოაცხადებენ, ალბათ, რომ კომიტეტი მოასწრონ”.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ჯერ კიდევ გუშინ, 13 ივლისს უნდა განეხილათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გამოაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიასა და კომპანიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა, რის გამოც უმჯობესი იყო განხილვის დღევანდლამდე გადადება.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა, მას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი აღარ განიხილავს. აღნიშნული საკითხი კომუნიკაციების კომპანიასა და კომიტეტს შორის კონსულტაციების შემდეგ მოიხსნა.

კანონპროექტების შესახებ:

ენერგოკომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შეთანხმება სემეკ-თან მოუწევთ

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი