ახალი ამბები

ბრიტანეთმა Huawei-ს 5G აღჭურვილობა აკრძალა

14 ივლისი, 2020 •
ბრიტანეთმა Huawei-ს 5G აღჭურვილობა აკრძალა

გაერთიანებულმა სამეფომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Huawei-ის 5G აღჭურვილობა აკრძალა. 2027 წლისთვის ის ქვეყანაში აღარ უნდა იყოს, წერს BBC.

დეკემბრიდან, გაერთიანებული სამეფოს პროვაიდერებს აღარ შეეძლებათ Huawei-ს აღჭურვილობის ყიდვა, 2027 წლისთვის კი კომპანიის პროდუქცია მოხმარებიდან სრულიად უნდა ამოიღონ.

ეს გადაწყვეტილება სამეფოს ციფრულმა მინისტრმა, ოლივერ დოუდენმა პარლამენტის თემთა პალატას ცოტა ხნის წინ აცნობა. ლონდონმა ეს ნაბიჯი Huawei-სთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ გადადგა.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ Huawei მათი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რასაც კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ.

მინისტრ დოუდენის თქმით, გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა საჭირო, ხოლო მის შედეგად ქვეყანაში 5G-ის ამოქმედება ერთი წლით გადაიწევს.

კომპანიაში სამეფოს გადაყწვეტილებას კრიტიკულად აფასებენ — Huawei-ში მიიჩნევენ, რომ ეს „ცუდი ამბავია ნებისმიერი ადამიანისთვის ბრიტანეთში, ვისაც მობილური ტელეფონი აქვს“, და აცხადებენ, რომ სამეფოს გადასახადები გაეზრდება და „ციფრული დაყოფის გაღრმავება“ მოხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი