ახალი ამბები

ონკოლოგიური მუშაობას შეაჩერებს – რა ელით თანამშრომლებს, რომლებსაც 11 თვის ხელფასი არ აუღიათ

14 ივლისი, 2020 • 1689
ონკოლოგიური მუშაობას შეაჩერებს – რა ელით თანამშრომლებს, რომლებსაც 11 თვის ხელფასი არ აუღიათ

თბილისში მდებარე ონკოლოგიური საავადმყოფო, რომლის თანამშრომლებსაც 11 თვეა ხელფასი არ მიუღიათ, მუშაობას აჩერებს და ჯანდაცვის სამინისტრო მის რეაბილიტაციას გეგმავს.

როგორც სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ამჟამად თანამშრომლებთან მემორანდუმები ფორმდება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი კუთვნილ დავალიანებას და კომპენსაციას მიიღებენ, რეაბილიტაციის შემდეგ კი კლინიკაში დაბრუნდებიან, თუმცა თანამშრომლების ნაწილი დოკუმენტს ხელს არ აწერს.

თანამშრომლების ნაწილს არ სჯერა, რომ 11 თვის განმავლობაში დაგროვილ სახელფასო დავალიანებას მიიღებს, რის გამოც მემორანდუმზე ხელს არ აწერენ.

ჯამში, საუბარია დაახლოებით 2 000 000 ლარის ოდენობის დავალიანებაზე, რომელიც პერსონალს ხელფასის სახით უნდა ჩარიცხვოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში არ მიუღიათ.

კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომლის, ინგა დიდებაშვილის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, რომელზე ხელმოწერასაც პერსონალს სთავაზობენ, კუთვნილი თანხა მედპერსონალმა ოქტომბრის ბოლომდე უნდა მიიღოს:

“ჩვენ უკვე აღარ გვაინტერესებს, დაიხურება თუ არა, ჩვენ გვინდა ჩვენი თანხები ავიღოთ. არ ვიცით, გადაიხდიან, არ გადაიხდიან, როდის გადაიხდიან. თანამშრომლების ნაწილი გადაიბირეს. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია, ზოგი აწერს ხელს, რამდენიმე არ ვაწერთ ჯერ და გვინდა ვინმეს გავაცნოთ საბუთები.

ამბობენ, თანხა უკვე გამოყოფილია  და ელოდებიან ჩვენს ჰოლდინგში ჩარიცხვას, რათა ჩვენ ხელფასები გადმოგვირიცხონ. თანამშრომლები ვეუბნებით, ჩაგვირიცხეთ დავალიანება, მოვაწერთ ხელს და მივდივართ, მაგრამ წინასწარ უნდათ მოვუწეროთ ხელი. სრულ ქაოსში ვართ”, – ამბობს დიდებაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აღნიშნული კლინიკის პერსონალი სახელფასო დავალიანებაზე საუბრობს. გასული წლის ოქტომბერში პერსონალი 7 თვის დაგროვილი სახელფასო დავალიანების ჩარიცხვას ითხოვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ კლინიკის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია და მას რეაბილიტაცია სჭირდება:

“წლების მანძილზე შენობამაც და ინფრასტრუქტურამაც თავისი აღჭურვილობით განიცადა ამორტიზაცია, რის გამოც შემცირდა პაციენტების ნაკადი, რამაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის ფინანსური ზარალი გამოიწვია. როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს გადმოეცა აღნიშნული ობიექტები, სამინისტრომ გადაწყვიტა მათი სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა.

მოცემულ მომენტში ფორმდება მემორანდუმები კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა უნდა იქნეს გაჯანსაღებული და ახალი ტექნიკით აღჭურვილი. ასევე ნათქვამია, რომ სრულ დავალიანებას, ასევე საკომპენსაციო თანხას გადაუხდის თანამშრომლებს, რის შემდეგაც მოხდება რეაბილიტაცია და სამედიცინო ცენტრის აღჭურვა. ის ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ეს თანამშრომლები პროცესის დასრულების შემდეგ უპირობოდ აღდგებიან იმავე თანამდებობებზე” ,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.

მისი თქმით, მემორანდუმის მიხედვით, დავალიანების ძირითადი ნაწილი დასაქმებულებმა ივლისის თვეში უნდა მიიღონ, დარჩენილი დავალიანება და კომპენსაციები კი აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში გაწერილი განრიგის მიხედვით დაერიცხებათ:

‘ძირითადი დავალიანების ნაწილი მათ ჩაერიცხებათ ივლისის თვეში და შემდგომ უკვე აგვისტოდან, ორი თვის მანძილზე, დანარჩენი საკომპენსაციო თანხები და სახელფასო დავალიანებები. ამ კომპანიას ასევე აქვს დავალიანებები და ვალდებულებები სხვა მომწოდებლებთან, მაგალითად, ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომელიც ასევე დაიფარება”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, კლინიკის რეაბილიტაცია საერთაშორიო დონორების დახმარებით ჩატარდება და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა დასრულდეს. წოწკოლაურის თქმით, პროცესში ბევრი იურიდიული ნიუანსია, რის გამოც ზუსტად კლინიკის გახსნის თარიღს ვერ დაგვისახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამინისტროს მისი გახსნა მაქსიმუმ მომავალი წლის გაზაფხულისთვის სურს:

“რეაბილიტაცია კონკრეტულად უნდა შევასრულოთ საერთაშორისო დონორებთან ერთად, შესაბამისად, რაც მალე, მით უკეთესი. სახსრები მოძიებულია დონორებისგან, უბრალოდ, მანდ იურიდიული კონტექსტებია გასავლელი. პირველი ის, რომ კლინიკა შეაჩერებს მუშაობას, უკვე გაგზავნილი გვაქვს ექსპერტიზაზე, რომ დავადგინოთ, რამდენად მდგრადია შენობის ფლიგელები, მერე გაკეთდება დიზაინის სამუშაოები, გამოცხადდება რეაბილლიტაციის ტენდერი და ა.შ. ძალიან სწრაფად გვინდა, მაგალითად, წლის ბოლომდე, იქითა წლის გაზაფხულამდე. ჩვენთვისაც პრიორიტეტულია, რომ გვქონდეს კიდევ ერთი ძლიერი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი” ,-  ამბობს გიორგი წოწკოლაური.

ონკოლოგიურ საავადმყოფოს საპარტნიორო ფონდი მართავდა, თუმცა 2020 წლის თებერვალში, სხვა სახელმწიფო კლინიკებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა, რომელსაც გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობს.

ჰოლდინგი ამ ეტაპზე რამდენიმე კლინიკას, მათ შორის რესპუბლიკურ სააავადმყოფოს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს აერთიანებს. მეორე ეტაპზე კი იგეგმება მასში რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკების ჩართვაც.

ჰოლდინგის წარდგენისას გიროგი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ მისი ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. ამასთან, ჩოგოვაძე აღნიშნავდა, რომ იგეგმებოდა კლინიკების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი