ახალი ამბები

ონკოლოგიური ცენტრის ექიმების თქმით, 7 თვის ხელფასი არ აუღიათ

4 ოქტომბერი, 2019 •
ონკოლოგიური ცენტრის ექიმების თქმით, 7 თვის ხელფასი არ აუღიათ

სახელმწიფოს მმართველობაში არსებული ონკოლოგიური ცენტრის სამედიცინო პერსონალმა დღეს კლინიკასთან აქცია გამართა. როგორც პერსონალის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია “მთავარს” განუცხადეს, მათ 7 თვეა კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ.

კლინიკის დირექტორი ამავე ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ამჟამად ივნისის თვის ხელფასებს ამუშავებს.

აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. თამარ გაბუნია ამბობს, რომ  ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა და თანხების გადარიცხვა ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით:

“ონკოლოგიური საავადმყოფო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით აწვდის სერვისებს. ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა. მათი დაფინანსება ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, უწყების სტრატეგიული ხედვაა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა.

გაბუნიას თქმით, სახელმწიფოს ინტერესია, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს საკუთრებაში სანიმუშო კლინიკები, რაც იქნება სამაგალითო და შექმნის კონკურენტულ გარემოს სამედიცინო ბაზარზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო არცერთი სამედიცინო დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა და მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკები შეინარჩუნოს და გააძლიეროს:

“ქვეყანაში არის 300-მდე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლინიკები. სამინისტო არცერთი ამ დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს დატვირთვა არის დაბალი, უტილაზიცია 30%-ს არ აღემატება, აქ იკვეთება ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განვითარების საჭიროება. სამინისტრო მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს მის საკუთრებაში არსებული საავადმყოფოები“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ონკოლოგიური ცენტრს ამჟამად საპატრნიორო ფონდი მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი