ახალი ამბები

შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე – აშშ-ს საელჩო

12 ივლისი, 2020 • 1350
შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს ეხმაურება. საელჩო გმობს მოქალაქის დაკავებისა და დაჭრის ფაქტს და აცხადებს, რომ ასეთი ინციდენტი არ მოეხდებოდა რუსეთს რომ შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებები.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე,”-ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 11 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ უკანონო დაკავების პროცესში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი