ახალი ამბები

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა

10 ივლისი, 2020 • 2705
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა

თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ „ეკონომისტის“, BBC-სა და სხვა გამოცემების რეპორტიორები ავრცელებენ.

ისტორიულად უმნიშვნელოვანესი გუმბათოვანი ნაგებობა თურქეთში, სტამბოლში, ფათიჰის უბანში, სულთანაჰმეთის მოედანზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან.

532 წელს, როდესაც იუსტინიანე I-მა მისი მშენებლობის ნებართვა გასცა, ქალაქს კონსტანტინოპოლი ერქვა და ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. კათედრალის მშენებლობისთვის საჭირო მასალები მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის გარშემო შეგროვდა.

აია-სოფია 9 საუკუნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ცენტრი. თუმცა სურათი შეიცვალა 1453 წელს, როდესაც ოსმალეთმა მეჰმედ II-ის მმართველობის ქვეშ დაიკავა ქალაქი და ბიზანტიის იმპერიის არსებობასაც წერტილი დაუსვა. აია-სოფია მეჩეთად გადააკეთეს, სადაც პარასკევის ლოცვებს თავად სულთანი ესწრებოდა. შეიცვალა შენობის არქიტექტურაც: რიგი ქრისტიანული სიმბოლოები მოხსნეს, აღიმართა ლოცვისკენ მოწოდებისთვის საჭირო მინარეთები.

I მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერია დაიშალა. ამავე პერიოდში, ყოფილი იმპერიის მიწების ნაწილზე შეიქმნა დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა, მისი პირველი, სეკულარული რეფორმებით ცნობილი  პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელმაც აია-სოფია მუზეუმად გადააკეთა და ეს სტატუსი ჰქონდა დღემდე.

ძეგლის მუზეუმად ქცევის შემდეგ მისი კვლავ მეჩეთად გადაკეთების იდეა ახალი არ არის, თუმცა პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანისა და მმართველი ძალის სხვა წარმომადგენელთა მონდომების ფონზე ამის შესაძლებლობა უფრო რეალურია, ვიდრე აქამდე იყო.

გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ სტატია ამ თემაზე:

მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი