ახალი ამბები

ნაკრების ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებენ

10 ივლისი, 2020 • 1742
ნაკრების ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი და მოქმედი წევრები თორნიკე შენგელიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც კარიერას რუსულ გუნდ CSKA-ში გააგრძელებს.

მანუჩარ მარკოიშვილის თქმით, შენგელია ყოველთვის დაიცავს ქართველი ერისა და ქართული ნაკრების ღირსებას და მას CSKA-ში წარმატებები უსურვა:

“თოკოს ვულოცავთ ესპანეთის ჩემპიონობას, რასაც მან თავის კარიერაში მიაღწია. ასევე მინდა წარმატება ვუსურვო იმ ახალ გადადგმულ ნაბიჯში და გამოწვევებზე, რაც CSKA-ში გადასვლას გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, თოკო ძალიან წარმატებული იქნება, კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს საქართველოს ნაკრებში და ყოველთვის დაიცავს ქართველი ერის, ქართული ნაკრების ღირსებას და ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით. ჩვენ კი ვიქნებით მის გვერდით” ,- ამბობს მარკოიშვილი.

მარკოიშვილის გარდა, ვიდეოში შენგელიას მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები. მათ შორის, ვიქტორ სანიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე და ა.შ. ვიდეოში არ ფიგურირებს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია რუსულ გუნდ CSKA-ში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა კლუბმა თავად გამოაქვეყნა.

“გელოდებით მოსკოვში!” – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც საკალათბურთო გუნდმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში თამაში მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის:

ტრანსფერს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

“ჩემთვის სამწუხაროა და, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით,”-დაწერა Facebook-ზე პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი