ახალი ამბები

„გირჩი“ კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

10 ივლისი, 2020 • 1552
„გირჩი“ კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

“გირჩი” საარჩევნო სიაში კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. როგორც ნეტგაზეთს პარტიის წევრმა ლევან ჯგერენაიამ უთხრა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს დღეს, 10 ივლისს შეიტანენ.

მისივე განმარტებით, სასამართლოში საარჩევნო კოდექსის იმ ჩანაწერს გაასაჩივრებენ, რომლითაც პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. როგორც “გირჩის” წევრი გვეუბნება, მათი პარტიის შემთხვევაში საარჩევნო სიას პარტიის პარტნიორები ადგენენ. პარტნიორი კი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც “გირჩის” მიმართ რაიმე კონტრიბუცია გაუღია. ჯგერენაიას განმარტებითვე, სწორედ “პარტნიორებმა” შეადგინეს პარტიული სია, შესაბამისად, ცესკოში ამ სიის რეგისტრაციას აპირებდა “გირჩი”. აქედან გამომდინარე, ლევან ჯგერენაია გვეუბნება, რომ საარჩევნო კოდექსში არსებული ამ ჩანაწერის გამო, ვერც ამ ადამიანების და ვერც მათი ამომრჩევლის საარჩევნო ნება გათვალისწინებული ვერ იქნება.

“პარტია თუ ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ცესკო არ დაარეგისტრირებს. ანუ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში პარტიის საარჩევნო სიაში ვინც არიან, მათი საარჩევნო ხმის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პრინციპში, ისინი საარჩევნო ხმის რეალიზაციის უფლებას ვერ მოახდენენ”.


საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედცით, წარდგენილი ცვლილებები მხოლოდ გარკვეულწილად ითვალისწინებს გენდერულ კვოტირებას და შემდეგი პრინციპი შემოაქვს: 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

  • 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ყოველ სამეულში მაინც უნდა იყოს ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის;
  • ამასთან, 2032 წლამდე, თუკი პარლამენტს წევრი გამოაკლდება, ის იმავე სქესის ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევრს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი);

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, კვოტირება განიხილება, როგორც დროებითი ზომა. აქედან გამომდინარე, კვოტები გაწერილია სამი მოწვევის პარლამენტისთვის. 2020 წელს, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ქალი მაინც იქნება პარლამენტში, რაც მათ ახლანდელ რიცხვზე — 21-ზე მეტია.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტს ამ მიმართულებითაც შეუძლია მეტის გაკეთება. საია-ს წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ საპარლამენტო კომიტეტზე თქვა, რომ „გენდერულ კვოტებზე შეგვიძლია, კიდევ უფრო წინ წავიდეთ“;

დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ეკა ბესელიამ ალტერნატიული ვერსია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც პარტიებმა ცესკოსთვის წარდგენილ პროპორციულ სიებში 2020 წელსვე უნდა წარადგინონ სამ კანდიდატს შორის, სულ მცირე, ერთი ქალი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ენძელა მაჭავარიანმა კი გამოთქვა იდეა, რომ თუკი ეს სავალდებულო არ გახდება, დამატებითი ფინანსური სარგებლით წახალისდეს, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ეს ისედაც გათვალისწინებულია.

ამ საკითხზე უფრო დეტალურად ისაუბრა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც 100 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული წარმომადგენელია „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფში“:

„დადებითად უნდა შევაფასო სავალდებულო გენდერული კვოტის ინიცრება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი და სამუშაო ჯგუფის აზრით, ეს იქნება ეფექტური იმდენად, რამდენადაც კონსტიტუციით გარანტირებულ არსებით თანასწორობას ვერ უზრუნველყოფს იმ მოცემულობით, როგორც დღეს წარმოდგენილია [კანონპროექტში]. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუკი ყოველ სამეულში მაინც იქნება ერთი განსხვავებული სქესის ადამიანი 2028 წლამდე, ხოლო მას შემდეგ- უკვე ყოველი მეორე“.

„დროებითობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მიგვაჩნია, რომ მოცემული ვადები არასაკმარისია და უნდა ჩაიწეროს საკანონმდებლო დონეზე, რომ სავალდებულო გენდერული კვოტა განსაზღვრული იქნება მანამ, სანამ არ მიიღწევა არსებითი თანასწორობა, თუმცა ასევე პრინციპის დონეზე უნდა განისაზღვროს გადახედვის მექანიზმი, რომლითაც საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ იმ არსებით თანასწორობას, რომლის პრინციპიც აღიარა საკონსტიტუციო დონეზე და აიღო ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

ირმა პავლიაშვილის თანახმადვე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით კრიტიკული მინიმუმი არის 40%. „დღეს ინიცირებული ვარიანტით, 2020 წლის არჩევნებისთვის ვიღებთ 20%-ს (30 ქალ პარლამენტარს), რაც მხოლოდ მცირედი მატებაა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ოდენობას ვერ აღწევს“, – თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ შეთავაზებულ ვერსიებზე პასუხად განაცხადა: „უნდა შევჯერდეთ ისეთ ვარიანტზე, რომელიც იქნება პოლიტიკურად გატანადი და გასვლადი პარლამენტში და სწორედ ასეთი ვარიანტია თქვენს წინაშე“.

კვოტირების მხარდამჭერთა არგუმენტებს გაეცანით აქ:

„პოლიტიკაSHE”

მასალების გადაბეჭდვის წესი