ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ მეორედ დააჯარიმა 270 ათასი ლარით

26 ივნისი, 2020 • 1276
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ მეორედ დააჯარიმა 270 ათასი ლარით

კომუნიკაციების კომისიის  ცნობით, თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დააჯარიმა.

“კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეცხრე თვეა არ ასრულებს.კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე მისცა.  გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების მფლობელი ყველა ბენეფიციარი მესაკუთრის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის   წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიას ორკვირიანი ვადა განუსაზღვრა”, – აცხადებს კომისია 25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო,  კომპანია სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

კომისიის ცნობით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის  12 მარტს კი კომუნიკაციების კომისიამ„კავკასუს ონლაინს“  270 000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი