ახალი ამბები

შენგელია: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიცია მუშაობის საშუალებას არ მაძლევს

10 ივლისი, 2020 • 1378
შენგელია: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიცია მუშაობის საშუალებას არ მაძლევს

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, უკვე მეათე დღეა, იუსტიციის სამინისტროს მისთვის არ აღუდგენია წვდომა სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ პროგრამაზე. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის პროგრამაზე წვდომის აღდგენა დაავალა.

შენგელიას თქმით, გუშინ, 9 ივნისს სამინისტროდან მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ 19 ივნისიდან 15 ივლისამდე პროგრამაზე წვდომა 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყდა. შენგელია ვარაუდობს, რომ შეიძლება 15 ივლისიდან საქმიანობა უკვე მეორე დისციპლინური საქმის ფარგლებში შეუზღუდონ, უფრო დიიდი ხნით:

“დღე მე-10, იუსტიციის სამინისტრო ისევ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ მაძლევს მუშაობის საშუალებას. გუშინ საოცარი წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან შემიწყდა პროგრამასთან წვდომა 15 ივლისამდე უკანა რიცხვით, ალბათ, დროის მანქანით.

15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შემიჩერონ საქმიანობა უფრო დიდი ხნით, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველოდები. ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მივმართავ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით.

სანქცია – სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, არადა, სულ რაღაც სამი კვირა გავიდა 19 ივნისიდან. ორივე დანაშაულზე უკვე მაქვს საკმარისი მტკიცებულებები. ორივეზე აუცილებლად დადგება განაჩენი, პირობას გაძლევთ”, – ამბობს შენგელია.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკვაშირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.


ამჟამად იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს.

მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავდა.

რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

აღნიშნულ საკითხზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბაჩანა შენგელიას სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაცია იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს და დარღვევის შემთხვევაში მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს.

რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი